მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპული საქართველო“: მოგება -10%-მდე, დღგ-16%-მდე, საშემოსავლო-10%-მდე შემცირდება

5f4f8851c51d7
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.20 16:00
1779
პარტია “ევროპული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობას საშემოსავლო გადასახადის განახევრებას პირდება. პარტიის მიერ წარდგენილი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, მთავარ დაპირებას ქვეყანაში მოქმედი ოთხივე ძირითადი გადასახადის - საშემოსავლოს, მოგების და დღგ-ის, ასევე, საწვავის აქციზის გადასახადის შემცირება წარმოადგენს.

● საშემოსავალო გადასახადი 20%-დან შემცირდება 10%-მდე;
● მოგების გადასახადი 15%-დან შემცირდება 10%-მდე;
● დამატებული ღირებულების გადასახადი 18%-დან შემცირდება 16%-მდე.

ამასთან, მცირე მეწარმეებისთვის დღგ-ის გადახდის ქვედა ზღვარი არსებული წლიური 100,000-ის ბრუნვიდან 200,000 ლარამდე გაიზრდება.

საწვავის აქციზის მოსაკრებელი კი, პარტიის დაპირებით, ¼-ით უნდა შემცირდეს.

საგადასახადო შემოსავლების კლების დაბალანსების მიზნით, პარტია გამარჯვების შემთხვევაში ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების 2 მილიარდი ლარით შემცირების დაპირებას იძლევა, თუმცა პარტიას ამ ეტაპზე კონკრეტული კალკულაცია არ აქვს წარმოდგენილი.

კიდევ ერთი დაპირება ასაკით პენსიონერებისთვის, დევნილებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების გაორმაგებაა. პარტიას არც ამ დაპირების განხორციელების ვადები და საბიუჯეტო კალკულაცია არ აქვს, ჯერჯერობით, გამოქვეყნებული.

ამას გარდა, პარტია მოსახლეობას დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან მათი ანაბრების გატანის უფლების მიცემასაც განიხილავს, რაც მოქალაქის ინდივიდუალურ არჩევანზე იქნება დამოკიდებული.

"ევროპული საქართველოს" სხვა დაპირებები ასეთია:


● ხალხს საკუთრებაში გადაეცემა მთავრობის ხელში არსებული საწარმოები მიწები, ტყეები და საძოვრები;
● სოფლებში მოგვარდება გაზისა და წყლის პრობლემა, დაიგება გზები;
● გაფართოვდება ნაფიცი მსაჯულების სასამართლო;
● შემოღებული იქნება შერიფებისა და მოსამართლეების არჩევითობა;
● დამარცხდება კრიმინალი და კანონის უზენაესობა იქნება უზრუნველყოფილი.