მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფერმერებს ხორბლისთვის ჭარბი სასუქი შეაქვთ, რაც ზედმეტი ხარჯია...მეტი აგრონომიული ცოდნაა საჭირო"

62a0c1ca82bcd
სალომე მეცხვარიშვილი
08.06.22 21:21
1183
ფერმერებს ხორბლისთვის ჭარბი სასუქი შეაქვთ, რაც გაუმართლებელი ხარჯია, მეტი აგრონომიული ცოდნაა საჭირო - ამის შესახებ bm.ge-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდისთვის მთავრობას სხვადასხვა ნაბიჯი აქვს დაგეგმილი, რაც მათ შორის ფერმერებისთვის მეტი ცოდნის გადაცემასაც მოიცავს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას, რომელიც ხორბლის თვითუზრუნველყოფას გაზრდის.

ხანიშვილი ამბობს, რომ წლების წინ დაწყებული სახელმწიფო პროგრამების შედეგები უკვე სახეზეა, რადგანაც ხორბლის მოსავლიანობა შარშან 20%-ით გაიზარდა და ჰექტარზე 2.7 ტონას მიაღწია, თუმცა ხელისუფლების მიზანია, მოსავლიანობა 5 ტონამდე გაზარდოს. დღეს საქართველო ხორბალზე მოთხოვნის მხოლოდ 15%-ს აკმაყოფილებს, სოფლის მეურნეობის გაცხადებული მიზანი კი თვითუზრუნველყოფის 50%-მდე გაზრდაა.

“სახელმწიფო ბევრი მიმართულებით ეხმარებოდა დარგს - ეს არის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სასაწყობე მეურნეობების განვითარება, ტექნიკის შეძენაში დახმარება და ა.შ. ახალი კომპონენტები და ელემენტებიც უნდა ჩაერთოს სახელმწიფოს მხრიდან, ეს იქნება ხელმისაწვდომობის ზრდა ხარისხიან სათესლე მასალაზე, ცოდნაზე, რათა მეტი განათლება მივიდეს ფერმერებამდე, რომ კვალიფიციურად მოუარონ ფართობებს.

ხშირ შემთხვევაში არასწორი ტექნოლოგიის ქვეშ იგულისხმება, რომ ფერმერს შეაქვს გადაჭარბებული რაოდენობის სასუქი, რადგან მეტი ინფორმაცია არ აქვს და ნაცვლად იმისა, რომ 150 კგ შეიტანოს, შეაქვს 300 კილოგრამი, რამდენადაც მიწის ანალიზს არ აკეთებს. ეს ზედმეტი ხარჯია და არაეფექტური მართვა, ამიტომ საჭიროა, მეტი აგრონომიული ცოდნა. ფერმერმა ის ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოს, რომელიც უფრო ხარჯთეფექტურია. დღეს ცოდნაზე ხელმისაწვდომობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსებზე, რადგან ფინანსებზე წვდომა გადაჭრილია სახელმწიფო პროგრამებით”,- აცხადებს გელა ხანიშვილი.