03.დეკემბერი .2020 12:21

"გაცილებით მდიდარ ქვეყნებსაც მოუწიათ ვალის გაზრდა" - თურნავა 5 მლრდ-ის საგარეო ვალის აღებაზე

"გაცილებით მდიდარ ქვეყნებსაც მოუწიათ ვალის გაზრდა" - თურნავა 5 მლრდ-ის საგარეო ვალის აღებაზე
views 157
უკან

2021 წელს საქართველოს მთავრობა ქვეყნის საგარეო ვალის 5.27 მილიარდი ლარით ზრდას გეგმავს. ახალი ვალებიდან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

საქართველოს მთავრობის ვალი 2021 წელს მშპ-ს 60%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

კითხვაზე, რამდენად მდგრადი იქნება საქართველოს ვალი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პასუხობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სიჯანსაღეს ინარჩუნებს, რაც იქნება მთავარი ფაქტორი იმისთვის, რათა კრიზისის შემდგომ ეკონომიკამ ვალის მომსახურებისთვის საჭირო შემოსავლები დააგენერიროს. “ამ მიმართულებით პრობლემა არ იქნება,”- ამბობს მინისტრი.

“მთლიანად მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის გამო, საგარეო ვალის მოცულობა არის გაზრდილი. ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებსაც მოუწიათ გარე სესხების გაზრდა. ცალკე აღებული სახელმწიფო მხოლოდ საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით ამ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ ჯანსაღი, მისი გაჯანსაღების პროცესი უკვე დაწყებულია და მომავალ წელს უკვე ზრდა გვაქვს პოზიტიური, ხოლო IMF-ის შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვიქნებით კვლავაც ლიდერები რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებს საკმარისად შემოსავალს, რათა უსაფრთხოდ და სტაბილურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს.

რაც შეეხება ამ ვალის გამოყენებას, თქვენ ხედავთ თუ რამდენად გამჭვირვალეა თითოეული ჩვენი ნაბიჯი და ღონისძიება. ვსაუბრობთ თითოეულ ლარზე თუ სად მიდის. ერთადერთი ამოცანა ამ ვალის არის იმ სირთულეების შემსუბუქება, რაც გამოწვეულია ამ კრიზისით. აქედან გამომდინარე ამ მიმართულებით პრობლემა არ იქნება,”- გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

2021 წლის ბიუჯეტის მესამე წარდგენის დოკუმენტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს ხარჯებს 2.46 მილიარდი ლარით ზრდის, შედეგადაც ასიგნებების ჯამური მოცულობა 18.4 მილიარდ ლარს მიაღწევს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალის და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მომდევნო წლებში ეტაპობრივად მოხდება და 2024 წლისთვის ვალის მშპ-სთან ფარდობა 57%-მდე ჩამოვა.

2021 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი ჯამურად 33 მილიარდ ლარს მიაღწევს.