მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაწბილებულები ვართ" - Caucasus Travel-ის დამფუძნებელი ფრენების დაანონსებულ აღდგენას აფასებს

5f90345722a18
ვიქტორია მღებრიშვილი
21.10.20 23:00
1478
"ჯერ ერთი - დაგვიანებულია და მეორე - ახლა შეიძლება გადამეტებულიც არის", - ასე აფასებს მთავრობის მიერ 1 ნოემბრიდან 10 ახალი მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას საბა კიკნაძე განმარტავს, ეს გადაწყვეტილება გამართლებული ორი მიზეზის გამო არაა. 

„ჯერ ერთი - დაგვიანებულია და მეორე - ახლა შეიძლება გადამეტებულიც არის ეს გადაწყვეტილება. ძალიან მარტივი და მყიფე საფეხურებით წავედით ფრენების ლიბერალიზაციისკენ. პირველ რიგში, გახსნის პირველი ეტაპი დავაგვიანეთ, შემდეგ მასშტაბი არ იქნა სწორად შერჩეული - რატომ დარჩა Lufthansa-ს ორი ფრენა კვირაში და არა - მეტი?! ხომ შეგვეძლო Lufthansa-სთვის, Air France-სთვის და Air Baltic-ისთვის სლოტები გაგვეზარდა... ასე გავიტანეთ დიდი ხანი.

ძალიან გაწბილებულები ვართ ტურიზმის წარმომადგენლები. ძალიან დამყოლად და შეთამაშებულად ვმოქმედებდით სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ გაგვევლო ეს პერიოდი და გამოგვეყენებინა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მისი სასიკეთო "პრომოუშენისთვის". ამის მაგივრად კი ვთქვით, რომ ეს არის უსაფრთხო მიმართულება, მაგრამ ამის სახელმწიფო ადმინისტრირება როგორ მოხდა?! - ვუთხარით, რომ არავინ ჩამოსულიყო ანუ ვერ გამოვიყენეთ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი“, - განაცხადა საბა კიკნაძემ.

Caucasus Travel-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ 1 ნოემბრიდან დანიშნული ფრენებით, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ.

„ჩემი აზრით, ამ ფრენებით უმეტესწილად საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ და ეჭვი მეპარება, ტურიზმის ყველაზე ნოყიერ სეგმენტს მოემსახუროს, მით უმეტეს როდის? - როდესაც აქ, ნოემბერში შეიძლება ვირუსის პიკი გვქონდეს, თუ დეკემბერში, როდესაც არავინ არ იცის, რა იქნება. ყველაფერი ეს არამეთოდურად ცხადდება. თუ ვინმე გადაწყვეტს ჩამოსვლას, ეს ისევ დაბალშემოსავლიანი სეგმენტიდან ინდივიდუალური მოგზაურები იქნებიან“, - განმარტა საბა კიკბაძემ.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს უნდა ტურიზმის გააქტიურება, მკაფიო გზავნილები დღესვე უნდა გაკეთდეს.

„დეკემბერში თუ რამეს ვგეგმავთ, ახლა ამაზე მკვეთრად უნდა ვსაუბრობდეთ და არა ისე, რომ კვირაში ერთხელ გამოაცხადებენ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებთან კავშირი აღდგეს, უნდა ვთქვათ, რომ ამ კარს ღიას ვტოვებთ, ოღონდ არ გეწყინოთ თუ ზედმეტად შეგამოწმებთ, თუ ერთი საათით გაგაჩერებთ და ტესტს გაგიკეთებთ. მე ასე ვფიქრობ“, - უთხრა BM.GE-ის საბა კიკნაძემ.