10.სექტემბერი .2020 14:14

"გაზაფხულზე ბეღურას ზარბაზანი ვესროლეთ" - ჭიაბერაშვილი მთავრობის კოვიდსტრატეგიას აკრიტიკებს

views 515
უკან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მთავრობას ეპიდემიასთან გამკლავების სტრატეგიის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ის, რაც საზოგადოების ნაწილმა გახარიას მთავრობას მიღწევად ჩაუთვალა, სტრატეგიულად ყველაზე დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს. 


"ავხსნი დეტალურად:

1. ეპიდემიის შეკავება და არა მართვა

თავდაპირველად ყველა მთავრობა და ყველა საზოგადოება - გარდა შვედეთისა! - მოქმედებდა პანიკურად, მაქსიმალური ჩაკეტვებით.

მერე სხვები მიხვდნენ, რომ ასეთ ჩაკეტვებს მოქალაქეები ვერც ეკონომიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად მოქალაქეები გაუძლებდნენ და შეეცადნენ ეპიდემიის ისე მართვას, რომ არც ეკონომიკა ჩამოშლოდათ და არც ჰოსპიტალური სექტორი. თან მთავრობებმა ჩაკეტვების პარალელურად, თავიანთ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწიეს, რითაც ასატანი გახადეს დაწესებული შეზღუდვები.

გახარიას მთავრობამ იგრძნო, რომ ეპიდემიის შეკავებით (და არა მართვით!) პოლიტიკურ ქულებს იწერდა და ბოლომდე ამ სტრატეგიას გაყვა, ეკონომიკის მაქსიმალურად დაზარალების ხარჯზე. თანაც თუ სხვა მთავრობებმა დახმარებების გაწევა მარტშივე დაიწყეს, რომ ეკონომიკის ვარდნა შეეკავებინათ, გახარიას მთავრობამ ასე გზა აირჩია: მოდით, დაველოდოთ სადამდე ჩამოიშლება ეკონომიკა და მერე გავწიოთ დახმარება. ასეთი მიდგომით კი, ზოგადად ეკონომიკა იმაზე მეტად ვარდება, ვიდრე მასში ფულის ადრიდანვე ჩატოვების შემთხვევაში მოხდებოდა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო ისეთ კონფრონტაციაში შევიდა ჰოსპიტალურ სექტორთან, რომ თანამშრომლობის ყველა საფუძველი მოსპო. ეპიდემიის მართვას კი სამინისტროსა და სავადმყოფოებს შორის ნდობაზე და არა დასჯის შიშზე აგებული ურთიერთობები სჭირდება.

2. ზარბაზანი ბეღურას

ტოტალურ შეზღუდვებს მარტიდან მაისამდე მოყვა ტოტალური უკონტროლობა ზაფხულის პერიოდში. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავვარდით.

გახარიას მთავრობის ბაქი-ბუქმა შექმნა განცდა, რომ საფრთხემ გადაიარა. ამასთან, მაქსიმალურმა ჩაკეტვამ გაზაფხულზე ნებისმიერი რეგულაციის მიმართ მიუღებლობა გააჩინა. გაზაფხულზე ბეღურას ზარბაზანი ვესროლეთ, ახლა კი საზოგადოებას ნებისმიერ შეზღუდვაზე უარყოფითი რეაქცია აქვს.

ამიტომ იყო საჭირო ისეთი სტრატეგიის არჩევა, რაც საზოგადოებას, ეპიდემიის მართვისას, თანამონაწილეს გახდიდა. ეს თანამონაწილეობა აადვილებს და აიაფებს ეპიდემიის მართვას.

მაგალითად, როდესაც საზოგადოება რეკომენდაციებს უჯერებს, რადგან მათ გონივრულად მიიჩნევს, ადვილია, მსუბუქი პაციენტები ამბულატორიულად, თვითიზოლაციის პირობებში მართო. როდესაც მთავრობა ისეთ უგუნურ შეზღუდვებს აწესებს, რომ საზოგადოებას მათგან თავის არიდებაზე უჭირავს თვალი, მაშინ იგივე მთავრობა იძულებული ხდება, მსუბუქი პაციენტებისთვის საკარანტინე სივრცეები (სასტუმროები) გამოიყენოს და მილიონები ამაზე დახარჯოს.

3. მართვა და არა მიშვება

იქნებ გახარიას მთავრობის სტრატეგიით ვაქცინამდე მივაღწიოთ ან გვეცადა მიღწევა? - იკითხავენ ერთნი.

ვაქცინის არსებული კანდიდატების ვარგისიანობის შესაძლო დადასტურება დეკემბერ-იანვარში, როგორც დოქტორი ფაუჩი დიდი სიფრხილით ვარაუდობს, არ ნიშნავს, რომ პანდემიაც დეკემბერ-იანვარში სრულდება. ვაქცინა იქნება გარღვევა, მაგრამ არა პრობლემის სრულად მოგვარება.

გახარიას მთავრობის "შეკავების სტრატეგიას" გაცილებით დიდ დროზე გათვლილი რესურსი უნდა უმაგრებდეს ზურგს, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკის პოტენციალი დასუსტდა "ოცნების" პირობებში და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ "შეკავების სტრატეგიით".

სხვები მეტყვიან, რა უნდა ექნათ, ეპიდემიას ხომ არ მიუშვებდნენო. არა, მეგობრებო, მიშვებაზე არაა საუბარი. საუბარია მართვაზე. და მართვის სწავლაზე. ძლიერი ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებსაც კი ჰქონდათ თავდაპირველი შოკი და ქაოსი, ვიდრე სისტემას დაალაგებდნენ/გადააწყობდნენ და ეპიდემიის მართვაზე გადავიდოდნენ.

4. კორონა და სეზონური გრიპი

მე მაინც მგონია, რომ ჯობდა ამ ეპიდემიის მართვა ზაფხულში, იმ პირობებში გვესწავლა, როდესაც პარალელურად სეზონური გრიპი არ გვიტევს. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ოჯახის/სოფლის ექიმების და ცხელების კლინიკების მდგომარეობა, როდესაც ოქტომბრიდან მათდამი მიმართვიანობა გაათმაგდება სეზონური გრიპის გამო. დამეთანხმებით, ყველას, ვისაც კი დააცემინებს თუ დაახველებს, კორონავირუსზე ექნება ეჭვი.

ჯანდაცვის სამინისტრო გვიმტკიცებს, რომ განვლილი 7-8 თვე ეფექტიანად გამოიყენა. ეს გამოჩნდება, რამდენად ეფექტური იქნება ინფექციის კონტროლი საავადმყოფოებში და რამდენად დაბალი იქნება, მაგალითად, სამედიცინო პერსონალის წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში. შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ეს წილი ძალიან მაღალი იყო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის სიმცირის დროსაც კი.

და ბოლოს, საპანიკო არაფერია. მედიცინამ დღეს უკვე მეტი იცის, როგორ მოუაროს ინფიცირებულ პაციენტს. როგორ ვმართოთ კორონაკრიზისი, ეს ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს"-წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა