მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრინვეი": ტექდათვალიერების ცენტრებში ავტომობილების რაოდენობა განახევრდა

6099989163e6e
თათია ჩაფიჩაძე
11.05.21 10:15
2665
კომპანია „გრინვეი საქართველოს" გენერალური დირექტორის ვახტანგ ებიტაშვილის ინფორმაციით, 2020 წელს ტექინსპექტირების ცენტრებში ავტომობილების ნახევარი არ გამოცხადდა. როგორც ებიტაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მთავარ პრობლემებს შორისაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ადმინისტრირების კუთხით გარკვეული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა. ამასთან, მისი აზრით, აუცილებელია გზებზე კონტროლი გამკაცრდეს.

“პანდემიის ეფექტი, ისევე როგორც ბევრ ინდუსტრიაზე, ტექინსპექტირებაზეც ძალიან აისახა და ამან 2020 წელს მძიმე დაღი დაასვა ჩვენს სფეროს. თუ რეფორმის დასაწყისში, 2019 წელს, დაახლოებით, 800 000 ავტომობილი გამოცხადდა ცენტრებში, 2020 წელს ეს მონაცემები განახევრდა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, იყო პანდემია და ასევე პროცესებზე ნეგატიურად აისახა ადმინისტრირების ნაწილში არსებული ხარვეზები. 2-3 წელიწადში რთულია რეფორმის წარმატებაზე საუბარი, ევროპამ და წამყვანმა ქვეყნებმა ამას ათწლეულები მოანდომეს და დღეს ამ ქვეყნებში დაფარვა უკვე 90%-ზე მეტია; ჩვენთან კი რეგისტრირებული ავტომანქანების ნახევარზე მეტი არ ცხადდება ტექინსპექტირებაზე. იმისთვის, რომ რეფორმა ჩვენთანაც წარმატებული იყოს, აუცილებელია ბიზნესმაც და სახელმწიფომაც, რომელიც პასუხისმგებელია ამაზე, იმუშაოს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. დღესაც კი, საზოგადოებას არ აქვს ამომწურავი ინფორმაცია ტექდათვალიერების სიკეთეებზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისი წარმატებით განხორციელება იმისთვის, რომ სწორად ვმართოთ ეკოლოგიური და საგზაო უსაფრთხოების საკითხები.

2021 წლიდან ჩვენ წარმოდგენილი ვართ კავშირით, რომლის მიზნები და ამოცანებიც არის საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოება. კავშირი აქტიურად ითანამშრომლებს სამთავრობო უწყებებთან, რომ სწორად გავყვეთ პრობლემას, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან ორია - პირველი ეხება ცნობიერების ამაღლებას და მეორე კი - ადმინისტრირების კუთხით გარკვეული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ნაწილი კომპლექსურია და მოიცავს როგორც საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, ასევე გამკაცრებას, მაგალითად, გზებზე. რეფორმიდან 2 წლის შემდეგაც ვხედავთ ქუჩაში ავტომობილებიდან გამომავალ ხილულ კვამლს; აუცილებელია, რომ გზებზე კონტროლის შედეგად ასეთი ავტომობილები არ მოძრაობდნენ", - განაცხადა ებიტაშვილმა.

ცნობისთვის: მომავალი წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერების კრიტერიუმები იცვლება. რეფორმის ფარგლებში 2022 წლიდან გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება და კატალიზური კონვერტორის გამართული მუშაობაა დაგეგმილი.