მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გთხოვთ, შეაჩეროთ მიწის აუქციონები“ - შოვის ინვესტორი პრემიერს თხოვნით მიმართავს

6130af587c51f
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.21 19:54
1975
"გთხოვთ, კურორტ შოვში შეაჩეროთ მიწის აუქციონები“, - ამ თხოვნით შოვის კურორტის ყაზახი ინვესტორი პრემიერს მიმართავს.

აღნიშნულის შესახებ შოვის კურორტის ტერიტორიის 60%-ის მფლობელმა კომპანია „შოვი რეზორტმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სახელწმიფო აუქციონების გზით შოვის ტერიტორიაზე მიწების პრივატიზება კურორტის ერთიანები განაშენიანებისა და განვითარების გეგმის განხორციელებას ხელს შეუშლის.

აღსანიშნია, რომ 2016 წლიდან ყაზახმა ინვესტორმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშროლობითა და 1.2 მლნ ლარის ინვესტირებითა შოვის კურორტის ერთიანები განვითარების გეგმა შეიმუშავა და ტერიტორიაზე არსებული წყლების ბალნეოლოგიური რესურსები შეისწავლა და ბიზნეს გეგმა გაწერა. ინვესტორი აღნიშნული ტერიტორიის განვითარებაზე დაახლოებით 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზებას გეგმავს. კურორტის განვითარების გენგეგმა კი სახელმწიფოს წარედგინა, რომელიც დღემდე არ დამტკიცებულა. ამის პარალელურად კი სახელწმიფომ კურორტზე არსებული ქონების გასხვისება დაიწყო. ინვესტორი კომპანია ამ პროცესის შეჩერებას ითხოვს, სანამ გენგეგმა მხარეების ჩართულობით არ დამტკიცდება.



„ვითხოვთ, შეჩერდეს შოვის კურორტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწების რეალიზაციის პროცესი, სანამ საბოლოოდ არ შეექმნა საფრთხე შოვის კურორტის ერთიანი კონცეფციით განვითარებას.

2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდის კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, შეიცავს, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც უკავშირდება თითოეული რეგიონის პოტენციალის სწორად გამოყენებას და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მაქსიმალურ ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან. ეს ნამდვილად დროული, ღირებული და ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა და სწორი მიდგომაა, რაც არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებას და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც პოზიტიურად აისახება. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტების რეალიზაციაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების რეალური მხარდაჭერის არსებობა და პრობლემების კოორდინირებული მართვა.

ჩვენ გვსურს ღიად ვისაუბროთ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე, რაც წლების განმავლობაში აფერხებს პროექტის განვითარებას და დავაფიქსიროთ ყველა ის პრობლემა, რის გამოც პოპულარული და ცნობილი შოვის კურორტი როგორც ქართველების, ასევე უცხოელებისთვის თანამედროვე და მოთხოვნადი ტურისტული ადგილი ვერ ხდება. თუმცა არის საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვენ და ეს პირველ რიგში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იმ ფართობების აუქციონზე გამოტანას ეხება, რომლებიც კურორტის ნაწილს წარმოადგენენ. თან საუბარია ისეთ მიწებზე, რომლებიც შოვის კურორტის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით სარეკრეაციო ზონაში შედის, რითაც საფრთხე ერთიან განაშენიანებას ექმნება. ამასთან, იკვეთება კონკრეტული ინტერესები კონკრეტული მიწის ფართობებთან დაკავშირებით, რაც ასევე ცუდი არ არის და ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ არსებობს რიგი პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლოა აღნიშნული მიწების რეალიზაციამ შეუძლებელი გახადოს.

ამიტომ, შოვში მიწის ფართობების რეალიზაციის აუქციონები სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებლივ შეჩერებას მოვითხოვთ, სანამ კურორტის გენერალური გეგმის დეტალების შეთანხმება ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით არ მოხდება და სანამ არ გადაწყდება, თუ რა გზით უნდა განვითარდეს შოვის კურორტი.

დამატებითი ინფორმაცია შოვის კურორტის შესახებ: 2006 წელს ყაზახურმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი პანსიონატი „მამისონი", რომელიც კურორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა 2008 წლის ომისა და 2009 წლის ფინანსური კრიზისის გამო, პროექტის განხორციელება შეფერხდა და საქმიანობა 2016 წელს განახლდა. უკვე ამ დროიდან ინვესტორისა და მმართველი კომპანიის მიერ უაღრესად მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა განხორციელდა, რაც შოვის თანამედროვე ევროპულ სამთო კურორტად ფორმირებას უკავშირდებოდა. მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის შედეგად ავსტრიული კომპანიის მიერ შოვის კურორტის განვითარების ერთიანი გენერალური გეგმა მომზადდა;

სლოვაკი და გერმანელი სპეციალისტების მიერ მოხდა ადგილობრივი ბალნეოლოგიური რესურსების შესწავლა და საერთაშორისო სტანდარტებით შესაბამისი ანალიზი, შეიქმნა კურორტის გრძელვადიანი ბიზნესგეგმა საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ერნსტ ენდ იანგის" მონაწილეობით. შესაბამისად, არსებობს შოვის განვითარების გეგმა და ინვესტორის სურვილი, რომ დაიწყოს მშენებლობა და კურორტის აქტიური განვითარება მომზადებული გეგმების მიხედვით. ამ სურვილს კი ის ინვესტიცია მოწმობს, რაც კვლევებსა და განვითარების გეგმების მომზადებაზე დაიხარჯა. თუმცა, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებისა, წლებია პროექტი შემდეგი მიზეზების გამო ფერხდება:

შოვის კურორტის ინვესტორის მიერ მომზადებული კურორტის განვითარების გენგეგმა ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ ონის საკრებულოს მიერ არ დამტკიცებულა. პროცესი ჭიანურდება, რაც ინვესტიციების განხორციელებას და კურორტის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების და საქმიანობის დაწყებას აფერხებს.

პარალელურად ადგილზე მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების მასობრივი რეგისტრაცია, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, აღინიშნება კანონის დარღვევა, ეს კი კურორტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განვითარების კუთხით ახალ პრობლემას წარმოშობს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ გამოიყენონ შექმნილი ვითარება და „ხელი მოითბონ“ შოვის კურორტის განვითარებაზე.

აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე წლებია პრემიერ-მინისტრების და ეკონომიკის მინისტრების სახელზე ვაგზავნით წერილებს, სადაც ვითხოვთ, შეიქმნას უწყებათაშორისო საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც შესაბამისი სამინისტროების თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან, რათა მოხდეს შოვის კურორტის, როგორც ცალკე მდგომი და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის უფრო ეფექტიანად მართვა. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი მიდგომა თავიდან აგვაცილებს პროცესების გაჭიანურებას და კურორტის განვითარების საქმე აღარ შეფერხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ინვესტორი გააქტიურდება, დაიწყება მშენებლობა, რაც უკავშირდება ადგილობრივების დასაქმებას და შოვის კურორტი გაცილებით მეტ და მაღალშემოსავლიან ტურისტს მიიღებს ვიდრე დღეს, რაც ასევე გააძლიერებს ეკონომიკურად როგორც შოვს, ასევე რაჭას და მთლიანად საქართველოს“, - ნათქვამია შოვის კურორტის ყაზახი ინვესტორებისა და მმართველი კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ 50 მლნ დოლარის ინვესტიციისა და შოვის საერთაშორისო დონის კურორტად გადაქცევის გეგმებსა და არსებულ პრობლემებზე BMG აგვისტოში წერდა. მაშინ პროექტის განმახორციელებელ კომპანია „სიმეტრიაში“ აცხადებდნენ, რომ კურორტის ერთიანი განვითარება სარგებელს არა მხოლოდ ინვესტორს, არამედ ადგილობრივებს და სახელმწიფოს მოუტანდა.