მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდა პროდუქტებს სერვისებიც დავამატოთ" - თურქეთი საქართველოსთან ვაჭრობის შეთანხმების არეალის გაფართოებაზე

61c4d4074e153
თამთა ჯიჯავაძე
23.12.21 23:49
582
საქართველო და თურქეთი ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის გაფართოებაზე მუშაობენ. საკითხზე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, მუსტაფა თუზჯუმ დღეს ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრები გამართა. მისი განცხადებით, საუბარია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული პროდუქტების გაფართოებაზე და ასევე სერვისების დამატებაზეც.

„საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს მხოლოდ პროდუქციაზე და არა სერვისებზე, ამიტომაც ვცდილობთ რომ მას დავამატოთ სხვა მიმართულებებიც, მაგალითად ტრანსპორტირება, ფინანსური სერვისები და სხვა. ასევე, ვცდილობთ, შეთანხმება მოიცავდეს სოფლის მეურნეობის უფრო მეტ პროდუქციას, მართალია, შეთანხმება მოიცავს სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქციას, თუმცა, ეს არ გვაკმაყოფილებს.

ასევე ჩვენ ვისურვებდით რომ გვქონდეს დაბალანსებული ვაჭრობა. ქართულმა მხარემ ამას ხაზი გაუსვა. ქართული მხარე ცდილობს ვაჭრობის მაჩვენებლებს შორის დიდი სხვაობის შემცირებას, თუმცა ჩვენი მოსაზრებაა რომ გავაფართოვოთ ეს სავაჭრო მოცულობა ორ ქვეყანას შორის 3 მილიარდ დოლარამდე, ეს ერთგვარ სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა დაასახელა. ვფიქრობ, ამ კუთხით მომავალი წლის პირველ ნახევარში პროგრესის შესახებ განვაცხადებთ“, - აღნიშნა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ქართული მხარისგან არის მოთხოვნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას დაემატოს თაფლი, ცხოველთა პროდუქცია და სხვა. „ამ საკითხებს განვიხილავთ, ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა, ორივე მხარე პოზიტიურად არის განწყობილი. ვფიქრობთ რომ 2022 წელს ჩვენი მინისტრები პრეზიდენტებთან ერთად ფართო შეთანხმების შესახებ გამოაცხადებენ“, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით, ხოლო ექსპორტი თურქეთში 66%-ით გაიზარდა. მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდამ 24%, სამრეწველო პროდუქციის ზრდამ კი - 84% შეადგინა.