საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, წელს დასრულდება. მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი 18-19 აპრილს, სეულში გაიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა, კორეა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ უდიდესი პოტენციალი არსებობს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან პირველი ინვესტიცია 1997 წელს შემოვიდა, ხოლო 2023 წლის ჩათვლით, ინვესტიციების საერთო მოცულობამ დაახლოებით 213 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
კორეიდან ინვესტიციების პიკური მაჩვენებელი, 36.4 მლნ აშშ დოლარი 2017 წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც ძირითადად კლება ფიქსირდება. 2023 წელს კორეიდან 1.8 მლნ აშშ დოლარის FDI მივიღეთ, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.1%-ია.
უფრო დეტალურად, 2017 წლიდან მოყოლებული, კორეიდან საქართველოში შემოსული FDI-ს სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- 2017 - $36.4 მლნ;
- 2018 - $33.3 მლნ;
- 2019 - $23.1 მლნ;
- 2020 - $2.5 მლნ;
- 2021 – $4.1 მლნ;
- 2022 - $1.4 მლნ;
- 2023 – $1.8 მლნ.
ეკონომიკის სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კორეიდან ძირითადი საინვესტიციო სექტორი ენერგეტიკაა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტის, „ნენსკრა-ჰესის“ ინვესტორი სწორედ კორეული კომპანია, K-Water-ია. 1.5 მლრდ დოლარის საინვესტიციო პროექტს, რომელიც სვანეთის რეგიონში 280 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, ხელი 2015 წელს მოეწერა, თუმცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან სასესხო ხელშეკრულებების დამტკიცება საბოლოოდ არ მოხდა, რაც მისი გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია. მთავრობა იმედოვნებს, რომ ინვესტორთან სიახლე წელს იქნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.