პანდემიის პერიოდში ჰორეკა სექტორს დისტრიბუტორების მიმართ 20-დან 25 მილიონ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საუბარია საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაფიქსირებიდან დღემდე პერიოდზე. როგორც "საქმიან დილაში" სტუმრობისას ივა ჭყონიამ განაცხადა, ასოციაციის დახმარების გარეშე ჰორეკა სექტორი ძველ პოზიციებს ვერ დაიბრუნებს.
"ჰორეკა სექტორი ჩვენს საქმიან პარტნიორებს შორის ყველაზე სანდო და მყარია. დარტყმამ, რაც კოვიდიდან გამომდინარე, ჰორეკა სექტორს მიადგა, ჩვენც სერიოზულად დაგვაზარალა.
ტურიზმის სექტორის განუყოფელი ნაწილი ვართ სადისტრიბუციო კომპანიები, რომელშიც როგორც იმპორტიორი, ასევე მწარმოებლები იგულისხმებიან. მაგალითად, ერთ-ერთმა ჩვენმა წევრმა მსხვილმა კომპანიამ მითხრა, რომ დაახლოებით ნახევარ მილიონამდე უიმედო დავალიანება აქვს.
ჩვენი დახმარების გარეშე ჰორეკა სექტორი ვერ აღდგება. ჰორეკა სექტორი დისტრიბუციის გარეშე არ არსებობს” - აღნიშნა ივა ჭყონიამ.