დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი ლარი დოლართან მიმართებაში 2.8 ლარიან ნიშნულს გადაცდება, კომპანიებს ფასების გადახედვა მოუწევთ.
როგორც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ BMG-ს განუცხადა, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი მერყეობა ბიზნესზე ნეგატიურად აისახება და იმ შემთხვევაში, თუკი ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, ეს უკვე უშუალოდ პროდუქციის ფასებზეც აისახება.
მისივე თქმით, პროდუქციის თვითღირებულებაზე ნეგატიურად აისახება ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ფასები, რის გამოც კომპანიებს ლოგისტიკა უძვირდებათ.
„ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორ გაუფასურდა ლარი, მოგვიანებით რყევები შემცირდა, თუმცა ქვეყანაში ვითარება არასტაბილურია. საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა და ნებისმიერი რყევა ნეგატიურად აისახება ბიზნესზე. შეიძლება ბაზარზე მყისიერი გაძვირება არ ვნახოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი მოქმედებს ფასებზე. ასევე ხაზგასასმელია, რომ გაძვირებულია ნავთობპროდუქტებიც, რაც ასევე ნეგატიურად აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე.
კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ფასები შეინარჩუნონ, თუმცა თუკი ლარი კრიტიკულ ნიშნულს გადაცდება და დოლართან მიმართებაში 2.8-იან ნიშნულს ასცდება, მაშინ მოსალოდნელია რიგი პროდუქტების გაძვირება. შედარებით უფრო სწრაფად მოხდება პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, 1-2 თვის შემდეგ კი უკვე ისეთ პროდუქციაზე, რომლის მარაგებიც აქვთ კომპანიებს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
ცნობისთვის, ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი მერყეობა ე.წ. რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დაიწყო. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა ორი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და მთლიანობაში 108.7 მლნ დოლარი გაყიდა.
ამ დროისთვის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7914 ლარია, ხოლო 1 ევროსი 3.0236 ლარი.