მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ვერ ვხედავთ პროდუქციაზე ფასების ზრდის საფუძველს - რითეილ ასოციაცია ლარის მერყეობაზე

გიორგი ხაბაშვილი

რითეილ ასოციაციაში აცხადებენ, რომ ლარის ბოლოდროინდელი მერყეობის მიუხედავად, ამ ეტაპზე პროდუქტებზე ფასების ზრდის საფუძველი არ არსებობს.

როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, ლარის გაუფასურება ჯერჯერობით იმ მასშტაბის არაა, რომ ამან ფასებზე მოახდინოს გავლენა.

გიორგი ხაბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პროდუქციის გაძვირებისთვის მთავარი რისკი იმპორტიორ ქვეყნებში არსებული ინფლაციაა, თუმცა ჯერჯერობით რითეილ ასოციაციის წევრი სავაჭრო ქსელები ფასების გადახედვას არ გეგმავენ.

“რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიები თავადაც ახორციელებენ ბევრი პროდუქციის იმპორტს, შესაბამისად, მათ კარგად იციან, თუ რა ვითარებაა ბაზარზე. დღეს ვერ ვხედავთ იმის საფუძველს, რომ ფასები გაიზარდოს. ლარის კურსის მცირე ცვალებადობა ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის უფრო მეტი რისკია, იმ ქვეყნებში არსებული შიდა ინფლაცია, საიდანაც პროდუქცია შემოგვაქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ძირითად იმპორტიორ ქვეყნებში არ გაიზარდოს ფასები, რადგან ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ადგილობრივ ფასებზეც. თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაიმე დრამატული ცვლილებები არ გვაქვს. როგორც აღვნიშნე, ჯერჯერობით საფუძველი არ გვაქვს, რომ რაიმე დრამატული გაძვირების რისკის წინაშე ვიყოთ.

რა თქმა უნდა, თავისუფალი ბაზრის პირობებში რომელიმე კომპანიამ შეიძლება ლარის ეს მერყეობა მცირედი გაძვირების საფუძვლად მიიჩნიოს. თუმცა როგორც აღვნიშნე, რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე გაძვირების საფუძველი არ არსებობს”, - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

ცნობისთვის, დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი ლარი დოლართან მიმართებაში 2.8 ლარიან ნიშნულს გადაცდება, კომპანიებს ფასების გადახედვა მოუწევთ. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი მერყეობა ბიზნესზე ნეგატიურად აისახება და იმ შემთხვევაში, თუკი ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, ეს უკვე უშუალოდ პროდუქციის ფასებზეც აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები