მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იგივე მოხდა, რაც შაქარზე" - ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ შეიქმნა დეფიციტი თურქეთიდან შემოტანილ, იაფ წამლებზე

624c12474e52f
მარიამ ვარადაშვილი
05.04.22 14:14
1550
გასულ კვირას თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი, იაფიანი მედიკამენტების დეფიციტს ჯანდაცვის მინისტრი პანიკური შესყიდვებით ხსნის. კერძოდ, ზურაბ აზარაშვილის თქმით, მოსახლეობამ ჩათვალა, რომ იაფი წამლების მარაგი აფთიაქებში ამოიწურებოდა და მედიკამენტები დიდი ოდენობით, წინასწარ შეისყიდა.

“საწყის ეტაპზე თურქეთდან წამლები ორმა-სამმა დისტრიბუტორმა შემოიტანა. როცა მოსახლეობამ აფთიაქებში იაფი მედიკამენტები ნახა, რასაც მაგალითად, ერთი თვით ადრე 170 ლარად ყიდულობდა, ახლა 30-35 ლარი ღირდა... იყო განცდა, დამოკიდებულება, თითქოს ამას ერთჯერადი აქციის სახე ჰქონდა და შემდეგ აღარ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, თუ ადრე თითო კოლოფს ყიდულობდნენ, ახლა ძალიან ბევრი იყიდეს და ერთი თვის მარაგის მაგიერ წლიური მარაგი გააკეთეს. რაც შაქარზე მოხდა - რეალურად შაქრის დეფიციტი არ იყო, მაგრამ არასწორი პანიკა შეიქმნა. იგივეა ამ მედიკამენტებზეც. მაგრამ დისტრიბუტორებმა უკვე სწორად დაგეგმეს, ცხელი ხაზიც შევქმენით, რათა გვცოდნოდა კონკრეტულად, რომელი მედიკამენტის ნაკლებობაზე იყო ყველაზე მეტი პრეტენზია.

ბოლო 10 დღეა საკმარისი რაოდენობა შემოიტანეს და გუშინდელი მონაცემებით სულ 2-3 ზარი იყო პრეტენზიით, რომ აფთიაქში რომელიღაც მედიკამენტი არ დახვდათ. პირველი აპრილის მდგომარეობით, ჯამში 216 სხვადასხვა დასახელების მედიკამენტია თურქეთიდან შემოსული, რაც 600 ათასამდე კოლოფია. ასე რომ, დეფიციტი აღარ უნდა იყოს”,-აცხადებს აზარაშვილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი დაიწყო. თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების შეძენა, საქართველოს მოსახლეობას, ამ ეტაპზე, ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში „ფარმადეპო“-სა და „ავერსი“-ს ფილიალებში შეუძლია.