მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუროგაციასთან ერთად, უცხოეთის მოქალაქეებისთვის ინვიტრო განაყოფიერებაც იკრძალება

6487076659d3f
ინგა მურუსიძე
12.06.23 15:58
779
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხოელ მოქალაქეებზე სუროგაციასთან ერთად, ინვიტრო განაყოფიერებაც იკრძალება.

მინისტრის თქმით, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება და თუკი ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება „საქართველოს მოქალაქეების გამრავლებისა, მაშინ ეს დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება“.

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები იქნება დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ინვიტრო განაყოფიერების მეთოდით შვილის გაჩენა. ასევე, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ სუროგაციის უფლება. ანუ, მთლიანად იკეტება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და არა როგორც აქამდე იყო. ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული, ბევრ სხვადასხვა პრობლემას აჩენდა, იგივე, ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო.

ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობა, სხვა ყველა ის არაეთიკური თუ მიუღებელი ფორმა, რაც შეიძლება ამ საკითხს თან ახლდეს. კანონშივეა ჩანაწერი, რომ ქვეყანაში ამ ტიპის ყველანაირი რეკლამა იკრძალება. ხშირად შეგხვედრიათ ალბათ სხვადასხვა შეთავაზება და რეკლამები სუროგაციასთან დაკავშირებული, ან ინვიტრო განაყოფიერებასთან, ეს სამწუხარო პრაქტიკა ამით დარეგულირდება და მოისპობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პარლამენტს გადაეგზავნება მიმდინარე კვირაში და სავარაუდოდ, შემოდგომაზე დამტკიცდება, რათა 2024 წლის პირველ იანვარს შევიდეს ძალაში.