მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის განცხადებით, ჰოლდინგები ჯანდაცვის სფეროს აზიანებენ

646635f26cdd5
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.23 18:32
672
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში წარმოდგენილი მსხვილი ჰოლდინგები ჯანდაცვის სფეროს პრობლემებს უქმნიან. მისი თქმით, სამინისტრომ შეისწავლა არაერთი ქვეყნის მაგალითი და ვერ იპოვეს ანალოგი, სადაც კომპანია ერთდროულად სააფთიაქო ქსელს, საავადმყოფოებს, სადაზღვევო კომპანიებსა და წამლის საწარმოს ფლობს.

“ჰოლდინგებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მიმდინარე წელს გამოჩნდა, რომ ეს დიდი პრობლემაა, სახელმწიფოსთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. ჰოლდინგური და მსხვილი კარტელური შეთანხმებების საფუძველზე შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიადგეს როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამასთან დაკავშირებით ნამდვილად დაწყებული გვაქვს მუშაობა და ვფიქრობ, რომ სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე მზად გვექნება, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი ამ მიმართულებით რას ვაპირებთ. კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, რადგანაც საკმაოდ სენსიტიური თემაა და არ მინდა, დროს გავუსწრო და ვთქვა რეალურად რა არის გასაკეთებელი.

ჩვენ წინა წელს, როდესაც ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ, საშიშროება იყო ისევ ბაზრის ჰოლდინგური მოწყობიდან გამომდინარე, რომელიც სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს და რომლის ანალოგიც, სადაც წამლის იმპორტიორი, დისტრიბუტორი, საცალოდ მოვაჭრე, ასევე კლინიკა, სადაზღვევო და ფარმამწარმოებელი ერთი ჰოლდინგის ქვეშ იყოს, ვერსად ვნახეთ. მსგავს მაგალითს ვერ ნახავთ. მე ძალიან ბევრი ვეცადე მსოფლიოს მასშტაბით სადმე რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში მენახა. სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და აქედან გამომდინარეა ეს პრობლემა, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე ჩვენ რეფორმებს წინ დახვდა.

რამდენიმე თვის წინ, თებერვალში, როდესაც პირველი ეტაპი იყო რეფერენტული ფასების, ამ დროს შეთანხმებული მოქმედების ნაბიჯები გამოიკვეთა, რაზეც რეაგირება მოახდინა კონკურენციის სააგენტომ. დღეს თავიდან 4 სხვადასხვა კომპანიის ირგვლივ დაიწყო მოკვლევა. ბოლო 2 კვირაში მეხუთე კომპანიაც დაემატა. სექტემბერში გვექნება შუალედური შედეგი და გამოჩნდება დომინანტური პოზიციის გამოყენებით რა საფრთხე შეუქმნეს ბაზარს,” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ფარმაცევტული ჰოლდინგების შეზღუდვის შესახებ პირველად განცხადება 2022 წლის იანვარში გააკეთა. მაშინ კონკურენციის სააგენტომ თავისუფალი ფასწარმოქმნის შეზღუდვაზეც გააკეთა განცხადება, რაც შემდგომში კონკრეტული დასახელების წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესებაში აისახა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები