მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორმა თითო რაიონში ააშენოს ახალი საბავშვო ბაღი" - ლადო კახაძის მორიგი წინადადება

5fec5d69d465b
ინგა მურუსიძე
30.12.20 15:45
2417
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პერიოდის კიდევ ერთხელ, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას ითხოვს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე გამოვიდა. როგორც მან განმარტა, საუბარია კვების, ჰიგიენური საშუალებების, ადამიანური რესურსების და სხვა საკითხების სტანდარტიზაციაზე, თუმცა მინისტრის მოადგილის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, სააღმზრდელო დაწესებულებებში ამჟამად მოქმედი წესები შეცვლილია და შესაბამისად, კანონის ამოქმედება უნდა გადავადდეს. დიდი ალბათობით, პანდემია არაა ერთადერთი მიზეზი, რადგან ავტორიზაციის პერიოდი რამდენჯერმე გადავადდა. საქმე იმაშია, რომ სავალდებულო ავტორიზაცია არის რეფორმის ნაწილი, რომელსაც 2016 წელს დამტკიცებული “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონი ითვალისწინებს. კანონის თანახმად, ავტორიზაცია სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად კონკრეტული მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა უზრუნველყოს და ავტორიზაციის ვადად 4 წელი განისაზღვრა. ავტორიზაცია მოითხოვს რიგი სტანდარტების დაკმაყოფილებას, მათ შორის ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. 

მას შემდეგ, რაც დღეს მინისტრის მოადგილემ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ თქვა, რომ "ავტორიზაცია კარგია, მაგრამ საჭიროა ახალი ბაღების აშენება". ამასთან, ის აღნიშნულ თემასთან კავშირში ერთი წინადადებით წარსდგა. 

„ნებისმიერი სახით ავტორიზაცია მაინც მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების დაახლოება მოხდეს ევროპასთან... ვიცი, რომ ყველა ვეძებთ რესურსს, რადგან ნებისმიერი იდეა ითხოვს კაპიტალურ, მატერიალურ რესურსს ინტელექტუალურთან ერთად, ამიტომ მე მექნება წინადადება, რომ იქნებ სამინისტროში შეიქმნას ჯგუფი (პარლამენტარებიც დაგეხმარებით), რომელიც ინვესტორებისთვის შექმნის ხელსაყრელ პირობებს, გაუმჯობესებულ ვარიანტს და შეთავაზება გავამზადოთ, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელების პარალელურად, ერთი კეთილშობილური ზრახვა - ინვესტორმა თითო რაიონში ააშენოს ახალი საბავშვო ბაღები და ამ კუთხით იქნეს ჩვენი შეთავაზება ლიბერალიზაციის მიმართულებით და თანადგომა. ამით ისარგებლებენ ბავშვები და მშობლები“, - მიმართა ლადო კახაძემ ინიციატივის ავტორს, მაგრამ დეპუტატს არ დაუკონკრეტებია რა იგულისხმა ლიბერალიზაციაში. 

თავის მხრივ, მინისტრის მოადგილეს დეპუტატის წინადადება/ინიციატივაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ლადო კახაძე მთავრობას, პერიოდულად, სხვადასხვა ინიციატივებით მიმართავს. ლადო კახაძე-გიორგი გახარიას: რას ფიქრობთ სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე?