მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ის, რომ ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია არ დაწყებულა, საშიში ნიშანია" - ჯანდაცვის სპეციალისტი

6018235baeca4
BM.GE
01.02.21 21:00
1249
უკვე ცნობილია, რომ თვის ბოლოს საქართველო Pfizer-ის 29 ათას დოზაზე მეტ ვაქცინას მიიღებს, თუმცა, მთავრობა ვაქცინის მიმართ ნდობის გაზრდას, განსაკუთრებით სამიზნე ჯგუფებში, აგვიანებს.

საინფორმაციო სტრატეგია გაწერილია ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაშიც, თუმცა შესაბამისი აქტივობა, პასუხისმგებელ რგოლს, ჯერ დაწყებული არ აქვს.

მაგალითად, ვაქცინაციის გეგმაში წერია, რომ COVID-19-ის ვაქცინაციისადმი ნდობის ასამაღლებლად უნდა განხორციელდეს:

მთავარი პარტნიორების და საზოგადოების მობილიზება და ჩართვა;
მედიის ინფორმირება, მობილიზება და მედიაადვოკატირება;
საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა ვაქცინის უსაფრთხოების, ეფექტურობის და დანერგვის პროცესის მიმართ;
საზოგადოების კონსოლიდაციის, მოლოდინების მართვის, უსაფრთხოების საკითხებზე აქტიური, დროული ინფორმაციის გავრცელება;
ვაქცინის სამიზნე პოპულაციის მობილიზება, როგორც პირველად, ისე მეორე დოზით ვაქცინაციაზე ეფექტური კომუნიკაცია;

იქიდან გამომდინარე, რომ ამ მხრივ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაწყებული ჯერ კიდევ არ არის, მთავრობას ვაქცინის მაღალი მიმღებლობის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებასთან დროული კომუნიკაციისკენ ჯანდაცვის სპეციალისტები მოუწოდებენ.

ქეთი ჩხატარაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ირგვლივ არსებული დეზინფორმაციის გაქარწყლება, რადგან ადამიანების არც თუ ისე ცოტა ნაწილი, მათ შორის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს.

„საინფორმაციო კამპანია ჩემი აზრით, დაგვინებულია. თებერვლის ბოლოს თუ იწყება ვაქცინაცია, ერთი თვე მინიმუმ მაინც უკვე უნდა მიდიოდეს საინფორმაციო კამპანია, მითუმეტეს არსებობს სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, რომელიც მიანიშნებს, რომ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი, საკმაოდ დამაჯერებლად აცხადებს, რომ იმუნიზაციას არ ჩაიტარებს. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და მე ვიტყოდი შემაშფოთებელია, საკმაოდ მაღალია მედიცინის მუშაკების პროცენტი იმ ადამიანებში, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ.

ამ ყველაფრის ფონზე ის ფაქტი, რომ დღემდე ოფიციალურად არანაირი საინფორმაციო კამპანია, გნებავთ ახსნა-განმარტებითი, გნებავთ ზოგადი საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არ არის დაწყებული, ეს ჩემთვის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტისთვის, საკმაოდ საშიში ნიშანია“, - აცხადებს ქეთი ჩხატარაშვილი.