მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისრაელის ტურისტული ბაზარი საომარ მდგომარეობას მიჩვეულია და საქართველოში მოგზაურობის არ ეშინია"

627223af03cf8
მარიამ ადამია
04.05.22 22:19
1047
რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო, საქართველოში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, მთავარ ტურისტულ ნაკადებს ზაფხულის სეზონზე ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ელიან.

როგორც "ჯორჯიან თრეველ გრუფის" შემომყვანი ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა, თამუნა კურტანიძემ, გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, ისრაელი, ევროპასთან შედარებით, ნებისმიერი რყევების მიმართ, იქნება ეს პანდემია თუ ომი, გაცილებით მდგრადი ბაზარია.

"თუმცა პირველი შოკი, ამ ბაზარზეც აისახა და თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი საკმაოდ მძიმედ პერიოდი გადავიარეთ, ნაკლები ჯავშნითა და შემოდინებით, მაგრამ ამ შოკმა მალე გადაიარა და ამჟამად, მატება გვაქვს,” - ამბობს თამუნა კურტანიძე.

გარდა ამისა, როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ისრაელის მოსახლეობა, ასე თუ ისე მიჩვეულია საომარ მდგომარეობას და შესაბამისად, არ ეშინიათ საქართველოში მოგზაურობის.

“მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დასასრულისკენ მიდის, ისრაელის მოსახლეობას მაინც აქვთ გარკვეული შეზღუდვები და ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ საქართველო მათთვის კომფორტულია, რადგან ფაქტობრივად ყველა შეზღუდვა მოხსნილი გვაქვს,” - განაცხადა "ჯორჯიან თრეველ გრუფის", შემომყვანი ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა.

რაც შეეხება სტატისტიკას, კურტანიძის თქმით, პირველ კვარტალში, ისრაელის ბაზრიდან წამოსული ტურისტების კუთხით, მატება დაფიქსირდა. ამის მიზეზი კი, ევროპის ქვეყნებში დაწესებული კოვიდ-შეზღუდვები იყო და მაღალბიუჯეტიანი ტურისტები, რომლებიც სამთო-სათხილამურო კურორტზე ალპებში დადიოდნენ, ახლა საქართველოში წამოვიდნენ.

ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომმა განსაკუთრებით ევროპელი, ამერიკელი და კანადელი ტურისტების ვიზიტებზე იმოქმედა საქართველოში. ეს ის სეგმენტია, რომელიც გაცილებით ფრთხილად უდგება მოგზაურობას და გაცილებით ადრე გეგმავს ტურისტულ ვიზიტს, შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში, ივნისის ჩათვლით იშვიათი გამონაკლისის გარდა, ევროპული ბაზრიდან ყველა ჯავშანი გაუქმებულია.