"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს არ იქცევა კანონად"- საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მთავრობის ოპონენტები ლობირებენ, რათა კონგრესის კანონპროექტებში მსგავსი ხასიათის ჩანაწერები მოხვდეს.
"რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა საქართველოს შესახებ მოხდეს ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან, არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული. ოპონენტები ცდილობენ, ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარკვეული ლობისტური საქმიანობების შედეგად ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს. ეს არის განსხვავება ჩვენსა და ჩვენ ოპონენტებს შორის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს არ იქცევა კანონად და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები მოხვდეს ამ კანონპროექტში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ კიდევ ერთ დოკუმენტზე (The Bill Report) გააკეთა განცხადება. მინისტრის თქმით, მცდარია განცხადებები იმის თაობაზე, რომ ამ დოკუმენტში არსებული ჩანაწერები უშუალოდ კანონპროექტის ნაწილებს წარმოადგენენ.
"ეს არის არასწორი ინფორმაცია და კიდევ ერთი ტყუილი, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ეს არის უკვე კანონი და ის(სანქცია) საქართველოს უკვე დაუწესეს. კანონპროექტს არაფერი ახალი დამატებია. კარგად წაიკითხეთ. იყო მცდელობა, რომ ეს ჩანაწერი შესულიყო კანონპროექტში და არ შევიდა კანონპროექტში და არის რეპორტში და ვიხილეთ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებში მცდარად გავრცელდა. არანაირი ძალა არ აქვს ამ რეპორტს,"- აცხადებს დავით ზალკალიანი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტში რეგისტრირებულია კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის 2021 წელს გამოსაყოფი დახმარების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა, ამასთანავე, არ შემცირდება კორუფციის დონე და განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები.
კანონპროექტში წერია:
"დახმარება - ამ აქტის მესამე და მეოთხე თავების თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილ იქნას არანაკლებ $132,025,000-ის მოცულობის დახმარება.
სახსრების შეჩერება - განსაზღვრული დახმარება, არ იქნეს გამოყოფილი, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს მტკიცებულებებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს, რათა:
A) განამყაროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები;
B) ებრძოლოს კორუფციას მთავრობაში, მათ შორის განამტკიცოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა და რეგულაციები;
C) უზრუნველყოს, რომ კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის დაცული იყოს უცხოელი ბიზნესმენების უფლებები, მათი ფინანსური ინტერესები და ინვესტიციები.
გამონაკლისები - დახმარების შეჩერების პარაგრაფით განსაზღვრული შეჩერება არ შეეხოს იმ პროგრამებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის თავისუფლებას უჭერს მხარს. ასევე, მიმართულია გენდერული ძალადობის მსხვერპლთა და მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად,"- ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ შეჩერება შეიძლება არ მოხდეს, თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაადგენს და კომიტეტს განუცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის.
შესაბამისად, კანონპროექტის შეჩერებით გათვალისწინებული მუხლით, საქართველოს $19.8 მილიონი დოლარის დახმარების მიღება შეიძლება შეუჩერდეს.
დღესვე კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიტა ლოუვის მიერ დარეგისტრირდა ამ კანონპროექტის თანმდევი დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტისთვის იძლევა დამატებით განმარტებებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს კანონპროექტით დადგენილ ძირითად პუნქტებთან მიმართებით საქართველოს მთავრობის პროგრესის შეფასება. ამ დოკუმენტის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.