"საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა" - ასე ერქვა სხდომას, რომელიც აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით გაიმართა. სხდომას MEGOBARI Act-ის ავტორი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი დამსწრეები ექსპერტების სახით აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, საქართველოს მისიის ყოფილი უფროსი EU-ში ნატალია საბანაძე, "ღია საზოგადოების ფონდის" ღია ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძე ესწრებოდნენ.
სხდომა სიტყვით გამოსვლით გახსნა MEGOBARI Act-ის თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღებიდან გამომდინარე, სანქციები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც საქართველოში დემოკრატიის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული.
"ქართულმა ოცნებამ დაგმო ყოველმხრივი ევროპული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის, მიიღო უცხოელი აგენტების კანონი და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი და მმართველმა პარტიამ უარყო საზოგადოების აზრი. ეს კანონი ახორციელებს სტიგმატიზებას და ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და ახშობს საპირისპირო აზრის გამოთქმას. ეს გახლავთ მხოლოდ აისბერგის ზედა თავი. სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, როგორიცაა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, სასამართლოს კონტროლის თვალსაზრისით.
ასევე, ხდება ოპოზიციის ოფისების დარბევა. საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს და სხვა ავტორიტარულ მმართველებს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მხრიდან საქართველოს 20%-ია ოკუპირებული. აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება. საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე. საქართველოს ხელისუფლება პუტინის რუსეთთან ერთად აღრმავებს პარტნიორობას კომუნისტურ ჩინეთთან, რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ერთ-ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტი გადაეცა ჩინეთის თავდაცვის ძალებთან ახლოს აფილირებულ კომპანიას. შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მისცეს საშუალება, რომ მოხდეს შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე, მის ევროატლანტიკურ მომავალზე, რომ ამას პასუხი არ გაეცეს,"- განაცხადა ჯო უილსონმა.
სხდომაზე კონგრესმენმა სტივ კოენმა გაიხსენა 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების პრეცედენტი და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა რეფორმატორის შთაბეჭდილება შექმნა და ეს "ოცნებას" წარმოადგენდა, თუმცა სინამდვილე არის ის, რომ მილიარდერი უკვე 12 წელია ქვეყნის ძალაუფლების სათავეშია.
"საქართველოში 2012 წელს მოვხვდი - ეს იყო დრო, როცა ქართული ოცნება მოვიდა ძალაუფლებაში; დრო, როცა ბატონმა ივანიშვილმა შექმნა რეფორმატორის შთაბეჭდილება - ეს იყო ოცნება, კარგი ოცნება. მაშინ ბატონი სააკაშვილი საკმაოდ დრაკონულ ციხის სისტემას მართავდა - ის ციხის სისტემას იყენებდა ხალხის დასასჯელად, რამაც დიდი წინააღმდეგობა და თავისუფლების ნაკლებობა გამოიწვია.
ბატონი ივანიშვილი უკვე თორმეტი წელია რაც ძალაუფლების სათავეშია - მიუხედავად იმისა, რომ ის არც პრემიერმინისტრია და არც პრეზიდენტი, ის არის მთავარი კაცი, მას მიჰყავს შოუ.
არ მიყვარს ხალხის განსჯა, მაგრამ როცა ივანიშვილი პირველად ვნახე, მივხვდი, ის "ოცნება" არ იყო - ის ჰგავდა ბევრ კორპორატიულ, საქმიან ადამიანს, რომელთაც სურთ მართავდნენ ყველაფერს - ავტოკრატის ტიპს, რომლებიც მთავრობებს უყურებენ, როგორც გზას, გააფართოვონ თავიანთი სურვილები და ინტერესები,"- განაცხადა კონგრესმენმა.
EU-ში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ კი აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის აშშ-ის დახმარება მნიშვნელოვანია, რადგანაც ხელისუფლება დაშინების და მუქარის ტაქტიკაზე გადავიდა, ხოლო დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები კი უახლოეს მომავალში უცხოეთის აგენტებად გამოცხადდებიან.
"დაშინება, მუქარა გახლავთ ყოველდღიური მოვლენა... დღევანდელი ქართული დემოკრატიის განადგურება ხდება პარლამენტის უმრავლესობის მიერ; იმ ადამიანის მიერ, რომელიც არავის წინაშე პასუხს არ აგებს. საპარლამენტო უმრავლესობის დახმარებით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით ხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ეს დარტყმაა საქართველოს ხანგრძლივი სურვილის, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ხელისუფლების მიერ საქართველოს მეგობრები წარმოჩენილია, როგორც მტრები, რომლებსაც სურთ, საქართველო ჩაითრიონ ომში. ქართული ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს კანონი კიდევ უფრო გააღრმავებს ევროპულ ინტეგრაციას, არათუ უკან დახევს", - განაცხადა ნატალია საბანაძემ.
"ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ MEGOBARI Act-ის მიღება საქართველოსთვის იქნება სიგნალი, რომ ჩვენი ქვეყანა მარტო არაა.
"5 თვეზე ნაკლები დარჩა გადამწყვეტ არჩევნებამდე საქართველოში. არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, რადგან {რუსული} კანონი სამოქალაქო აქტივისტებს აცხადებს, როგორც მოღალატეებს, უცხოელ აგენტებს...
ამ კანონის და მოვლენების უკან დგას ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი. ის თავის ბოლო გამოსვლაში, 29 აპრილს, ფაქტობრივად, დაემუქრა ყველა პოლიტიკურ ოპონენტს "ქართული ოცნების" რეპრესიებით და ასევე, სამოქალაქო საზოგადოებას და ხდება მტრული დამოკიდებულების შექმნა დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტს სურს, რაც შეიძლება მეტი დაახლოება დასავლელ მეგობრებთან და აშშ-სთან. ჩვენი ისტორია გვანახვებს ყველას, რომ ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი მომავლისთვის და ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ჩვენი მონაპოვარი და ვაღიარებთ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში. მოკავშირეები ჩვენს გვერდზე დგანან და "მეგობარი" აქტი - იმედი მაქვს, იქნება მიღებული,"- განაცხადა ივანე ჩხიკვაძემ.