მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი გია ჯოხთაბერიძეს პასუხობს

61e94cdcc87e8
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.22 15:28
5511
„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე კომპანია „მაგთიკომის“ დამფუძნებელს გია ჯოხთაბერიძეს პასუხობს და შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც გამოიწვია გასული წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ბატონი გია ჯოხთაბერიძის გამოსვლისას, კომპანია „კავკასუს ონლაინის“ მისამართით ნათქვამმა ინფორმაციამ, საქართველოში ინტერნეტმომხმარებლის ინფორმირების მიზნით, მსურს გავაკეთო განმარტება „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, შავი ზღვის სისტემა დაიგეგმა და განხორციელდა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2000-იან წლებში, სწორედ ჩვენი კომპანიის დაკვეთით განახორციელა აშშ-ში რეგისტრირებულმა და მოქმედმა კომპანიამ „ტაიკო ტელექომუნიქეიშენს“ (ამჟამად საბკომი) საქართველოსა და ბულგარეთს შორის შავის ზღვის ფსკერზე თანამედროვე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო სისტემის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2008 წლის ნოემბერში.

შავი ზღვის სისტემა შეიქმნა საქართველოში სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სატელეკომუნიკაციო დამოუკიდებლობის, მომხმარებლის უსაფრთხოებისა და სერვისის მაღალი ხარისხის უზრუნელსაყოფად. 2008 წლამდე მომხმარებლები საქართველოში ინტერნეტმომსახურებას იღებდნენ მხოლოდ რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ხოლო საქართველოში მოქმედი ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერები იძულებული იყვნენ გადაეხადათ არაკონკურენტული, მაღალი ფასი ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დასაკავშირებლად და ამავდროულად არ ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხისმგებლობა აეღოთ მომსახურების მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.

შავი ზღვის სისტემამ საქართველოში და კავკასიის რეგიონში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ვითარება რადიკალურად შეცვალა: ევროპასთან დამაკავშირებელმა ნეიტრალურმა და თანამედროვე შავი ზღვის სისტემამ შექმნა ჯანსაღი კონკურენტული გარემო, საბითუმო ინტერნეტის ფასები შემცირდა რამდენიმეჯერ და საერთაშორისო დინამიკასა და ბაზრის მოთხოვნებს დაექვემდებარა, მომსახურების ხარისხი (სიჩქარე, შეყოვნება, დაზიანების სიხშირე, და სხვა) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მომხმარებლებს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის საშუალება მიეცათ.

გვეამაყება, რომ შავი ზღვის სისტემა, ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან 2021 წლის 1 ნოემბრამდე, უწყვეტად ემსახურებოდა საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობას. მათ შორის საკუთრივ ჩვენი კომპანია იყენებდა შავი ზღვის სისტემას როდესაც საცალო მომსახურების ბაზარზე ოპერირებდა, ხოლო 2016 წლიდან შპს „მაგთიკომმა“ განაგრძო მომხმარებელთა ინტერნეტ მომსახურება იგივე ინფრასტრუქტურით. 2021 წელს შემოდგომაზე შპს „მაგთიკომმა“ არჩია არ გაეგრძელებინა ურთიერთობა ჩვენს კომპანიასთან და შესაბამისად, გასული წლის 1 ნოემბრიდან შპს „მაგთიკომი“ მომხმარებლისათვის ინტერნეტმომსახურების მიწოდებას შავი ზღვის სისტემის გამოყენებით აღარ ახორციელებს.

ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს კლიენტებზე და ზოგადად საქართველოში ინტერნეტმომხმარებელზე. რეგულარულად ვთავაზობთ კლიენტებს განახლებულ პირობებს, ფასდაკლებებს, ხარისხისა და უსაფრთხოების მზარდი მოთხოვნების საპასუხო მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, საბოლოოდ კლიენტი თვითონ იღებს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას და ირჩევს პარტნიორულ ურთიერთობას. ჩვენც, ბუნებრივია პატივს ვცემთ ყველა კლიენტის გადაწყვეტილებას და წარმატებას ვუსურვებთ მათ, და განვაგრძობთ ზრუნვას საქართველოში ინტერნეტმომსახურების ბაზრის განვითარებაზე.

საყურადღებოა, რომ 2021 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, შავი ზღვის სისტემის გამოყენებით საქართველოში ინტერნეტ მომსახურებას აღარ იღებს მომხმარებელთა (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები) უმრავლესობა. ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც ინტერნეტ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, იგივე შავი ზღვის სისტემის მიმართ მეზობელი ქვეყნების ინტერნეტმომსახურების პროვაიდერებისა და მათი მომხმარებელთა ინტერესები უწყვეტად მზარდია, ხოლო ჩვენ მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შეთავაზებული მომსახურების ფასები და პირობები კი კონკურენტული.

2008 წელს სწორედ მომხმარებელთა მაღალმა ცნობიერებამ და გააზრებულმა მოთხოვნამ, მიეღოთ მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურება თანამედროვე, ნეიტრალური და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მეშვეობით, განაპირობა შავი ზღვის სისტემის შექმნა და პოპულარობა. გვწამს, რომ დღესაც უცვლელია მომხმარებელთა ინტერესი, საჭიროება და მოთხოვნა მიიღონ ინტერნეტ მომსახურება მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების რეალური გარანტიებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამის გათვალისწინებით საქართველოში არსებული ინტერნეტ პროვაიდერები პრიორიტეტულად მიიჩნევენ შავი ზღვის სისტემით სარგებლობას", - ნათქვამია განცხადებაში. 
(R)