საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტი, გიორგი გოცაძე ჰოსპიტალური სექტორის ოპტიმიზაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს, გასული 15 წლის განმავლობაში გაკეთებული საქმე წყალში იყრება. საკითხზე მან „საქმიანი დილის“ „ანალიტიკაში“ ისაუბრა.
„ჩვენ შემოვტრიალდით და ისევ აღმავალი გზით წავედით, ანუ ის რაც ნამუშევარი და გაკეთებული იყო 15 წლის განმავლობაში, გადაიყარა წყალში და შევუდექით ისევ ახალი საავადმყოფოების მშენებლობას. დღეს, იმის ნაცვლად, რომ ოპტიმალური ზომის სექტორი გვქონდეს, ეს სექტორი გავზარდეთ, რაც მხოლოდ პანდემიაში გამოგვადგა, თუმცა არ არსებობს საჭიროება, რომ პანდემიის გამო ამხელა სექტორი ვინახოთ, სხვა გზებიც არსებობს ამისთვის“, - განაცხადა გოცაძემ.
ის იხსენებს გზას, რომელიც ჰოსპიტალურმა სექტორმა ამ დრომდე გაიარა და ამბობს, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ვიწრო წრემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს. გოცაძის თქმით, სწორედ ამიტომ, პლატფორმა FORBES HEALTH-ი იქნება ტრიბუნა, სადაც დარგის სპეციალისტები ისაუბრებენ ყველა საკითხზე, უნდა გაიზარდოს ჰოსტპიტალური სექტორის ზომა თუ არა, კერძო სექტორს უნდა ჩაადებინო ფული, თუ უნდა ვისესხოთ და შვილიშვილებს დავადოთ ვალი და ა.შ.
„წლების წინ, ამ ქვეყანას არ ჰქონდა ფული, არ ჰქონდა საბიუჯეტო რესურსი, რომ ჯანდაცვის სექტორი შეენარჩუნებინა, გაერემონტებინა. წლების წინ ჩვენ გვქონდა საავადმყოფოები ჩამსხვრეულ-ფანჯრებიანი, ცივი, მოუმარაგებელი, ძველი, გაპარტახებული აპარატურით და საშინელი პირობებით, სადაც ვირთხები დარბოდნენ. ამის ფული რომ არ ჰქონდა ქვეყანას, კონსენსუსით თუ კონსენსუსის გარეშე, აღმასრულებელმა ხელისუფალმა ერთ დღეს გადაწყვიტა და კერძო სექტორს უთხრა, მე ფული არ მაქვს, შენ მოიტანე, ისესხე, ჩადე, ააშენე გააკეთე და მივიღეთ შედეგი - გაუმჯობესებული ჰოსპიტალური სექტორი ინფრასტრუქტურით და პირობებით.
ახლა კიდევ საპარლამენტო პლატფორმიდან მოვისმინე, რომ თურმე ტყუილად მოგვიტანია ეს ფული და ახლა სახელმწიფო კლინიკები უნდა ავაშენოთ, ახლა იქ უნდა ჩავდოთ ფული. ჩემთვის ტექტონური ძვრები არის ეს, რომ რაღაცა გზას დაადექი, მიდიხარ და იმის ნაცვლად, რომ განვვითარდეთ, ხან მივუხვევთ, ხან მოვუხვევთ. სულ ასეა და ასეა იმიტომ, რომ ვიწრო წრე, რომელიც ხელისუფლებაშია, იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ არ ითვალისწინებს წინა გადაწყვეტილებების პოლიტიკურ-ეკონომიკურ წინაპირობებს და საზოგადოების საჭიროებებს“, - განაცხადა გოცაძემ.