მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერნელი" ინდოეთის ბაზარზე შევიდა - "უკვე 7 000 მომხმარებელი გვყავს"

626918afd75b7
მარიამ იზორია
28.04.22 10:15
1908
ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების ქართული პლატფორმა “კერნელი”, რომელიც მცირე ბიზნესებს ოპერაციების გაციფრულებაში ეხმარება, ინდოეთის ბაზარზე შევიდა. კომპანიას ინდოეთში უკვე 7 000 მომხმარებელი ყავს.

როგორ bm.ge-სთან “კერნელის” დამფუძნებელმა ბექა დალაქიშვილმა განაცხადა, ინდოეთი კომპანიისთვის სტარტეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ ბაზარზე 70 მილიონამდე ბიზნესია დარეგისტრირებული. ამასთან, ინდოეთის ბაზრის უპირატესობა ინგლისურენოვანი კანონმდებლობა და მცირე ბიზნესების გაციფრულების პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობაა.

მისივე თქმით, პლატფორმა ფილიპინებშიც საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს და ბაზარზე, სადაც ჯამში, მილიონამდე ბიზნესია რეგისტრირებული, “კერნელს” უკვე 15 000 მომხმარებელი ჰყავს.

“ინდოეთში ვიყავი, რათა ჩვენი მომხმარებელი პირისპირ გაგვეცნო. ჩვენ შორის უდიდესი კულტურული განსხვავებაა, ახლა ვმუშაობთ, რომ პროდუქტი კულტურულ განსხვავებას და მომხმარებლის ქცევას მოვარგოთ. ინდოეთი რამდენიმე მიზეზის გამო ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე სასურველი ბაზარია. იქ კანონმდებლობა, საგადასახადო სისტემა ინგლისურად არის, ეს საქმეს ამარტივებს. ამასთან, ინდოეთი უდიდესი ბაზარია, საქართველოში 60 000 ბიზნესია რეგისტრირებული, როცა ეს რიცხვი ინდოეთში 70 მლნ-ს აღწევს. ბაზარზე, რომელზეც შევიდოდით, ბიზნესის გაციფრულების მოთხოვნა უნდა ყოფილიყო, ინდოეთში ახალი საგადასახადო კანონმდებლობა აქვთ და სახელმწიფო მცირე ბიზნესებს პროცესების გაციფრულებისკენ აქტიურად მოუწოდებს.

შემდეგი ორი ქვეყანა, სადაც “კერნელი” ოპერირებას დაიწყებს, პაკისტანი და ნიგერია იქნება, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს ერთ წელში ან ხუთ წელში. ორივე ქვეყანა მოკვლეული გვაქვს და მომხმარებლის საჭიროებებიც ვიცით, მაგრამ სამომავლოდ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ინდოეთის ბაზრის მასშტაბიდან გამომდინარე, სხვა ქვეყანაში აღარ შევიდეთ და მხოლოდ ინდოეთში ვიყოთ”, - აღნიშნავს “კერნელის” დამფუძნებელი.

“კერნელი” ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა საქართველოშიც ოპერირებს, თუმცა "კერნელისთვის" ადგილობრივი ბაზარი მცირეა.