მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"McDonald's საქართველო" 21 მლნ ლარის ინვესტიციით 3 რესტორნის გახსნას გეგმავს

61a8cd2d598e9
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.21 19:55
8923
„მაკდონალდს საქართველო“ 2022 წელს 3 ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით ფილიალები ისანში, რუსთავის გზატკეცილსა და თბილისის აეროპორტთან უნდა გაიხსნას, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 21 მლნ ლარია.

„აეროპორტთან "მაკდონალდსის" ახალი ფილიალის მშენებლობა 2 სამშენებლო პროექტს მოიცავს. "დრაივის" გაჭრის პროექტზე ნებართვა მიღებული გვაქვს, ხოლო თავად რესტორნის მშენებლობაზე არის კონკრეტული ტექნიკური ელემენტები და ამის შეთანხმების შემდეგ დეკემბრის ბოლომდე ველით ნებართვის მიღებას. ამ კონკრეტული ფილიალის სამშენებლო პროცესის დაწყებისა და ახალი ფილიალის გახსნის ზუსტი ვადებიც ამ პერიოდისთვის გვეცოდინება“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადა 6 თვეა და ფილიალი, დაახლოებით, ზაფხულისთვის უნდა გაიხსნას.

„კიდევ 2 "მაკდონალდსის" გახსნა ისანსა და რუსთავის გზატკეცილზე იგეგმება. ამ რესტორნების გახსნაც 2022 წელს იგეგმება და თითოეული ფილიალის საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ ლარია“, - უთხრა BM.GE-ს „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

ცნობისთვის: "მაკდონალდს საქართველო" დღეისთვის საქართველოს მასშტაბით 16 ფილიალს მართავს.