29.ნოემბერი .2021 19:55

"მეტი სივრცე გვინდა აგრესიული ინვესტირებისთვის" - საპენსიო სააგენტო მანდატის გაზრდას ითხოვს

"მეტი სივრცე გვინდა აგრესიული ინვესტირებისთვის" - საპენსიო სააგენტო მანდატის გაზრდას ითხოვს
views 408
უკან

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო მანდატის გაფართოებას ითხოვს, რადგან ხედავს შესაძლებლობას, საპენსიო დანაზოგების "აგრესიული ინვესტირება" დაიწყოს ისეთ სფეროებში, სადაც დღეს მოქმედი კანონი ზღუდავს. როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი bm.ge-სთან განმარტავს, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საპენსიო სააგენტოს უფრო მოქნილს გახდის და ხელ-ფეხს გაუხსნის ინვესტირებისთვის ისეთი ახალი არხებით, როგორიცაა, მაგალითად კერძო კაპიტალში მონაწილეობა და თუნდაც პირდაპირ სესხის გაცემა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კანონით, საპენსიო სააგენტოს დანაზოგების ინვესტირება ტრადიციულ აქტივებში შეუძლია, როგორიცაა ობლიგაციები, აქციები და საბანკო დეპოზიტები.

„სააგენტოს საინვესტიციო მანდატი არის საკმაოდ მკაცრი საინვესტიციო მოთხოვნების მიმართულებით. ამაშიც საკმაოდ დიდი რაციონალია, რადგან ბუნებრივია, საპენსიო დანაზოგები არის კრიტიკული დანაზოგები, მასში მონაწილეების ინტერესები უნდა იქნას პირველ რიგში დაცული, შესაბამისად, ბუნებრივია კანონი დღეს არის საკმაოდ მკაცრი საინვესტიციო მოთხოვნებითაც. მაგალითად, საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნებში არის საკმაოდ მომთხოვნი. ქვეყანას აქვს საკრედიტო რეიტინგი და ერთი ნიშნულით დაბლა შეგვიძლია ჩვენ მხოლოდ ინვესტიციის აღება, მაშინ როცა მის ქვემოთ ბევრი ნიშნული არსებობს. ასე რომ ჩვენი მოლოდინიც არ იყო, რომ კანონი იქნებოდა მსუბუქი ამ ნაწილში.

იქიდან გამომდინარე, რომ ლიკვიდურობა საკმაოდ მაღალია და ფონდი წლიურად იზრდება 700 მილიონით, ვფიქრობთ, ახლა შეგვიძლია ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მკაცრი მანდატი კანონის დონეზე და თან გარკვეული სივრცეები გავაჩინოთ უფრო მეტი მოქნილობის კუთხით. ამ მიმართულებით ჩვენ უნდა ვესაუბროთ მარეგულირებელს, ამავე დროს სამეთვალყურეო საბჭოს და შეიძლება გავაჩინოთ სივრცე გარკვეული ცვლილების ინიცირებისთვის, რაც გაგვიხსნის მეტად ხელ-ფეხს საინვესტიციოდ. ვმუშაობთ, რომ ერთი მხრივ, მეტად გავაქტიურდეთ საინვესტიციოდ კაპიტალის ბაზარზე და გვინდა, რომ კანონშიც რაღაც პერიოდულობით მაინც გავაჩინოთ უფრო მეტი სივრცე და მოქნილობა აგრესიული ინვესტიციებისთვის.

მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია კომპანიის დონეზე ერთ ინვესტიციაში 10%-ზე მეტით შევიდეთ. თუ კომპანიამ რამდენიმე ემისია გააკეთა, ემისიის 20%-ზე მეტის ყიდვა არ შეგვიძლია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ოდნავ გაფართოვდეს მანდატი, ასევე აქტივების კლასების მიმართულებით. ამ ეტაპზე შეგვიძლია შესვლა მხოლოდ ტრადიციულ აქტივების კლასებში, როგორიც არის ობლიგაციები და აქციები, ასევე საბანკო დეპოზიტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ სწორი აქტივების კლასების ჩამონათვალია, კანონი ამას საკმაოდ სწორად მიმოიხილავს, მაგრამ კარგი იქნებოდა რამდენიმე აქტივის კლასი დაემატოს, როგორიც არის მაგალითად კერძო კაპიტალში შესვლა, პირდაპირი სესხის გაცემა და დიდ კერძო პროექტში, სინდიკატში მონაწილეობის მიღება და ა.შ

ვნახოთ, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, რადგან ამას მეტი ანალიზი სჭირდება, რომ ამ მიმართულებით ფრონტი გავშალოთ. საინვესტიციო მანდატის შემსუბუქება პერიოდულობით ეს მეტ სივრცეს მოგვცემს საინვესტიციოდ“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.

რაც შეეხება უკვე ინვესტირების პროცესს, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირებას მალე შეძლებენ. ამ ეტაპზე საპენსიო დანაზოგები მთლიანად ბანკებშია ინვესტირებული, თუმცა სააგენტო განიხილავს სხვადასხვა საინვესტიციო ინსტუმენტს და პორტფელის გლობალურ დივერსიფიკაციაზე აკეთებს სწორებას. როგორც სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამბობს, სრულად გამოიყენებენ კანონით განსაზღვრულ 20%-იან ლიმიტს და გლობალურ ფასიან ქაღალდებს შეიძენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები მეტი სარგებლის მიღების მიზნით უცხოურ ვალუტაში, გლობალურ აქციებში დაბანდდება.