მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მისხალ-მისხალ მიღწეული მდგრადობა შეიძლება შეუსრულებადი დაპირებებით იოლად დავაქციოთ"

5e4561f8646b9
ინგა მურუსიძე
13.02.20 18:49
1303
„მისხალ-მისხალ მიღწეული მდგრადობა შეიძლება შეუსრულებადი დაპირებებით იოლად დავაქციოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაიცვას ფისკალური დისციპლინა, უნდა შეინარჩუნოს თავისუფალი გაცვლითი კურსი, მიაქციოს ყურადღება მონეტარულ პოლიტიკას და ამავდროულად, უნდა მოახდინოს სტრუქტურული რეფორმები, რათა მოხდეს იმ პოტენციალის სრულად რეალიზება და წარმოჩენა, რაც საქართველოს აქვს.

„შიდა რყევებთან დაკავშირებით, საქმე გვაქვს შემდეგნაირად, 2018-2019 წლების მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მივაღწიეთ მდგრადობას, რომ რაღაცა ტიპის იმუნიტეტი შევიძინეთ, როგორც ქვეყანამ, სწორედ სწორი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის, ასევე სწორი ეკონომიკური რეფორმების გამო.

ისეთი იმუნიტეტი შევიძინეთ, რომ თუ ქვეყანა არ დაიქცა და რეგიონში ომი არ დაიწყო, დიდი ალბათობით ჩვენი ეკონომიკურ ზრდას და წინსვლას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება შიდა ფაქტორს. არ უნდა აიწიოს პოლიტიკური ტემპერატურა, ასევე რადიკალიზაციის დონე, მაგრამ ესეც გასაგებია ალბათ, რადგან ჩვენს ხასიათშია, თუმცა ალბათ გარკვეული ზღვრები უნდა დავაწესოთ, ვინაიდან მისხალ-მისახლა არის აგებული ის ტემპი და იმუნიტეტი, რაც მოვიპოვეთ და შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან იოლად დავაქციოთ.

მათ შორის პოპულიზმით, დაპირისპირებით და ისეთი დაპირებებით, რომელიც რეალურად შეუძლებელია შესრულდეს და მცდელობით, რომ ამაზე წამოაგო ამომრჩეველი. ეს ყველა მხარეს ეხება, რადგან პოპულიზმისგან არავინ არის დაზღვეული. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შიდა სტაბილურობა პოლიტიკური, ასევე გადამწყვეტია სტრუქტურული რეფორმების არა მარტო ერთგულება, არამედ მეტი ენერგიით ამ მიმართულებით სვლა, რომ ეს ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ განვავითაროთ კიდეც“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. 

შეგახსენებთ: 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც სსფ-ის მისიის წევრთა მიერ გაკეთებული მიგნებებს მოიცავს.