მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვთვლი, მაქვს კონტაქტები, გამოცდილება, უნარები, რომ IMF-თან ურთიერთობაში დიდი როლი შევიტანო - ვახტანგ ჭარაია

ჭარაია
23.04.24 20:50
649
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ საბჭოში საკუთარ როლს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ურთიერთობის მიმართულებით ხედავს.

როგორც ვახტანგ ჭარაიამ გასაუბრებაზე განაცხადა, იცის რა საჭიროებებია დასმული სავალუტო ფონდისგან პროგრამის განახლებისთვის და თვლის, რომ ფონდთან ურთიერთობაში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია.

„ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი ჩემი პროფესიის ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. ვერც ერთი სხვა თანამდებობა ვერ შეედრება ამ პოზიციას, ამიტომაც მაქვს ამბიცია, რომ ამ პოზიციას შევეჭიდო. ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩემი ეს სიტყვები არაა მხოლოდ ამბიცია, არამედ არის გამაგრებული მთელი რიგი გამოცდილებით, კომპეტენციით, უნარებით და სხვა საჭირო ღირსებით. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად ჩემი როლი სად შეიძლება დავინახო სებ-ის საბჭოში, ვთვლი, რომ მაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება, თუნდაც სავალუტო ფონდთან ურთიერთობის. 2018 წელს გავხდი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის, ახალგაზრდა მკვლევრების გამარჯვებული, რომლის შემდგომაც აქტიურად ვთანამშრომლობ მათთან და მაქვს მჭიდრო კომუნიკაცია როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ საკითხებზე. სავალუტო ფონდთან ურთიერთობის დალაგება რადგანაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის და საქართველოსთვის, ვთვლი, რომ მაქვს ის კონტაქტები, გამოცდილება, უნარები, რომ სავალუტო ფონდთან, ყოველ შემთხვევაში ჩემს თავზე თუ არ ავიღებ, რომ აღვადგენ ურთიერთობას, ძალიან დიდი როლი შევიტანო ამ პოზიტიურ ურთიერთობაში. ვიცი ის კონკრეტული საჭიროებები, რაც სავალუტო ფონდისგან არის დასმული იმისთვის, რომ განახლდეს პროგრამა. ვიცი, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან რა დათმობები, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ სავალუტო ფონდთან აღდგეს შემხვედრი ურთიერთობა. შესაბამისად, ამ კუთხით ვთვლი, რომ მაქვს გარკვეული კარგი როლის შესრულების შესაძლებლობა. ვთვლი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი მიმართულებით შეიძლება გამოვადგე ეროვნულ ბანკს“, - განაცხადა ჭარაიამ.

სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები