მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნის ზრდას ველით" - "აბიფარმი" ანტიბიოტიკების საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

63bbcd2da8c0c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.01.23 18:00
633
ანტიბიოტიკების მწარმოებელი ქართული კომპანია მიმდინარე წელს წარმოების 200%-ით 5 მლნ ფლაკონამდე გაზრდას გეგმავს. კომპანიის გენერალური ხელმძღვანელი ირაკლი ჭანკოტაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ გასულ წელს კომპანიამ 4 მლნ ლარის ინვესტირებით GMP სერტიფიკატის მიღება შეძლო, რაც გაზრდილ წარმოებასთან ერთად ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.

დღეისთვის „აბიფარმის“ მიერ წარმოებული ანტიბიოტიკების წარმოების 60-70% ექსპორტზე გადის. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კარგი საწარმოო პრაქტიკის დანერგვითა და წარმოების გაზრდის შედეგად, ანტიბიოტიკების ქვეყნის საზღვრებს გარეთ რეალიზების მაჩვენებელი მინიმუმ გაორმაგდება.

„უკრაინა, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, სომალი, კენია - ეს ის ბაზრებია, რომლებსაც ჩვენი წარმოების პროდუქციით წლებია ვამარაგებთ. 2022 წელი დეპრესიული წელი იყო, რადგან მსოფლიოში ჰოსპიტლების უმრავლესობას მედიკამენტების გარკვეული მარაგები ჰქონდათ შექმნილი და მოთხოვნა ნაკლები იყო, 2023 წლიდან კი მოთხოვნის ზრდას ველით.

ადგილობრივი ბაზრის გარდა ვმუშაობთ, საექსპორტო ბაზრების განვითარება-გაფართოებაზე. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და ლიბიასთან გვაქვს და მიმდინარე წელს ამ ქვეყნებშიც შევალთ.

იმის თქმა, რამდენით გაიზრდება ექსპორტი წლის დასაწყისში რთულია, თუმცა ჩვენი მოლოდინით ექსპორტი გასულ წელთან შედარებით გაორმაგდება“, - უთხრა BM.GE-ს ირაკლი ჭანკოტაძემ.

ექსპორტის განვითარებასთან ერთად „აბიფარმი“ მიმდინარე წელს მედიკამენტების შეფუთვის მიმართულებითაც გეგმავს გააქტიურებას. კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ GMP სერტიფიკატის მიღების შემდეგ ევროპული ქვეყნებიდან მედიკამენტების შეფუთვა-მარკირებაზე მოთხოვნა წამოვიდა და ამაზე მუშაობა დღეისთვის მიმდინარეობს.

„ევროპული კომპანიებიდან მედიკამენტების შეფუთვა-მარკირების მიზნით მოგვმართავენ. შესაბამისად კომპანიამ შუალედური მეწარმის როლის შეიძლება აითვისოს. ამ მხრივ დავიწყებთ ანტივირუსული პრეპარატების, ფიზიოლოგიურად აქტიური დანამატების და სხვა სამკურნალო საშუალებების შეფუთვას. დაფასოებული და შეფუთული პროდუქციის რეალიზება კი როგორც ევროპულ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. ახალი მიმართულების განვითარება კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა წარმოებაში ის დიდ წილს არ დაიკავებს“, - ამბობს ირაკლი ჭანკოტაძე და ამ ხაზის განვითარების მიზნით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც არ გამორიცხავს.