მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთელი სოფელი ველოდით პირველ მოსავალს, აღებისთანავე კესანეს მარწყვის სრული პარტია გაიყიდა" - მეწარმე

625d8d2cebb7b
BM.GE
18.04.22 20:26
1706
კვიციანების ოჯახი მაღალმთიანი რეგიონიდან ბოლო წლების განმავლობაში ეძებდა შესაძლებლობას, რომ ზემო სვანეთში განევითარებინა აგროტურიზმი და ორგანული მარწყვის წარმოება. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარებით ეს ახლა უკვე რეალურ საქმედ იქცა.

ზემო სვანეთი, სოფელი ბეჩო, ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე გადაშლილი ულამაზესი მაღალმთიანი ლანდშაფტი, ერთ-ერთი მცირერიცხოვანი დასახლება, სადაც 159 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის გრიგოლ და აკაკი კვიციანები, რომლებიც დღეს უკვე თავიანთ სათბურში ორგანული მარწყვის მეორე მოსავლის მოლოდინში არიან.

რთული კლიმატური პირობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდული გრაფიკით გამოწვეული პრობლემები, რთული სოციალური და ეკონომიკური ფონი და სხვადასხვა წინაღობები, თითქოს მაღალ მთებში გაჩენილ ჩანაფიქრებს მომავლის პერსპექტივას უფერმკრთალებს. მაგრამ, არაფერია იმაზე რეალური, როგორც უკვე განხორციელებული საქმიანობა, საკუთარი შრომით მიღებული პირველი მოსავლის სიხარული და ამ მოსავლის დაუვიწყარი გემო.

„პირველად 2019 წელს შევიტყვეთ ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით დაწყებულ პროექტ GRETA-ს შესახებ. აღმოჩენილი შესაძლებლობისთანავე, მთელმა ოჯახმა, მე, ჩემმა ძმამ, მისმა მეუღლემ და მშობლებმა, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა და თავდაუზოგავად გვეზრუნა ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის“ - ამბობს აკაკი კვიციანი.

დღეს ბეჩოში, სათავგადასავლო ტურიზმი, ბუნებრივი დინებით განვითარების მოწინავე ეტაპზეა, თუმცა სოფლის მეურნეობის მხრივ საკმაოდ დიდი წინაღობებია და არსებული პირობებით, მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობის ეკოლოგიურად სუფთა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით გამასპინძლებას. გარდა ამისა, ორგანული სოფლის მეურნეობა და მისი სპეციფიკა სრულიად ახალია, როგორც რეგიონისთვის, ასევე შესაძლოა ითქვას, რომ ქვეყნისთვისაც.

პროექტ GRETA-ს ჩანაფიქრი, ერთი შეხედვით, შესაძლოა ამბიციური განაცხადი ყოფილიყო - ასეთი წინაღობების ფონზე სრულიად ახალი, ორგანული სოფლის მეურნეობის ინიციატივების წამოწყება. თუმცა, აქ იდეალური გარემოა ამ საქმიანობისთვის და ამბიციური განაცხადი დროთა განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, რეალურ და წარმატებულ საქმედ იქცა.

ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა გრიგოლ და აკაკი კვიციანების საქმის წამოწყების, ახლის შემეცნების და მიღებული რჩევების ზედმიწევნით შესრულების დიდი სურვილი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა სოფელ ბეჩოში, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით ერთ-ერთი პირველი სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობა და სათბურის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გრიგოლის და აკაკის ჩართულობით, ორგანული მარწყვის წარმოების შესაძლებლობის გაჩენა.

აქ დაიბადა აგროტურიზმის და სასათბურე მეურნეობის საქმიანობა სახელად „კესანეს მარწყვი“.

ორგანული სოფლის მეურნეობის საქმიანობის წამოწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წესების გათვალისწინება, რომ პროდუქტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიარებულ იქნას, როგორც ორგანული პროდუქტი. აქ გამოიკვეთა კიდევ ერთი წინაღობა - აღნიშნულ რეგიონში სექტორული ცოდნის და გამოცდილების არქონა, თუმცა ეს პროექტის თვალით დანახულ რეალობაში წინაღობად არ განიხილებოდა, რადგან, დახმარების ფარგლებში, დამატებით გათვალისწინებული იყო სფეროს ექსპერტის პერმანენტული კონსულტაციები და დღემდე მიმდინარეობს ეს პროცესი. შედეგად, 150 კვ.მ-იან ფართობში ორგანული მარწყვის პირველმა მოსავალმა 94 კილოგრამი შეადგინა.

„ფაქტიურად მთელი სოფელი ველოდით პირველ მოსავალს და აღებისთანავე კესანეს მარწყვის სრული პარტია გაიყიდა, როგორც ადგილობრივად, ასევე სამეზობლო რეგიონში არსებული კვების ობიექტებზე. ამით ჩვენი ოჯახი დარწმუნდა ჩანაფიქრის წარმატებაში და ახლა უფრო მეტი შემართებით მივყვებით ჩვენს საქმიანობას და გვსურს ხმა მივაწვდინოთ ჩვენსავით მოლოდინებით სავსე ადამიანებს მაღალმთიან რეგიონებში, რომ იდეა, შესაძლებლობის აღმოჩენა, მოქმედება და დაუღალავი შრომა რეალურ შედეგებამდე მიგვიყვანს “ - გვიამბობს აკაკი.

აგროტურიზმის და სასათბურე მეურნეობის საქმიანობა - „კესანეს მარწყვი“ დღეს კვლავ აგრძელებს ექსპერტების მიერ გაზიარებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას და ეტაპობრივად ავითარებს ბეჩოში ორგანული მარწყვის წარმოებას. ამ პროცესის საბოლოო მიზანი არის, რომ განხორციელებული მაგალითების მიხედვით, ზემო სვანეთში საფუძველი ჩაეყაროს ორგანული სოფლის მეურნეობის უწყვეტ წარმოებას და ეკონომიკური სარგებელის მიღებას, რომელიც მაღალმთიანი მაცხოვრებლების კეთილდღეობის ზრდის საწინდარია.

ცნობისთვის, პროექტს „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მცირე და საშუალო მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ საჭირო ფინანსური დახმარება საკუთარი წარმოებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, აღმოეჩინათ ახალი საბაზრო შესაძლებლობები და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით, სამომავლოდ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქტს. პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს და ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია www.gretaproject.ge