სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე ფიქრი და მუშაობა ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერილ პროექტ GRETA-ს ფარგლებში, კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყო და სექტემბერში სახელმძღვანელო დოკუმენტი დაინტერესებულ მხარეებს, საჯარო და კერძო სექტორს წარუდგინა. ზემო და ქვემო სვანეთის “ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა” 5 სტრატეგიულ მიზანს, 42 ქმედებას და 122 კონკრეტულ აქტივობას მოიცავს, რომელთა შესრულება ხუთ წელზეა გაწერილი. ავტორების განმარტებით, დოკუმენტი ტურიზმის მდგრადი განვითარების საჭიროებებისა და ქმედებების განსასაზღვრად შეიქმნა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის - ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, მუნიციპალური და ეროვნული დაინტერესებული მხარეებისთვის, სვანეთის DMO-სა თუ განვითარების სააგენტოებისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. დოკუმენტის ხედვა კი ასეთია: "სვანეთის რეგიონში შეიქმნას წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული ტურისტული ინდუსტრია, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოში სვანეთის, როგორც დაუვიწყარი ზამთრისა და ზაფხულის სათავგადასავლო მოგზაურობის მასპინძლის ცნობადობასა და პოზიციონიერებას, იზიარებს კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე ზრუნვის აუცილებლობას, ქმნის რეგიონის განვითარებისთვის მყარ ეკონომიკურ საფუძველს".
საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის და განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე გადაცემა #რედაქტ2-ში კავკასიის განვითარების ჯგუფის დირექტორმა, ტურიზმის ექსპერტმა და დოკუმენტის ავტორმა ვანო ვაშაყმაძემ ისაუბრა.
"ყველა მხარეს თუ ქვეყანას სჭირდება გარკვეული სტრატეგია, რომელიც შეიძლება არ იყოს იმპერატიული ხასიათის და არ ჯდებოდეს საკანონმდებლო ჩარჩოში, მაგრამ შექმნას ფონი და ცოდნა და გარკვეული რჩევების გაუზიაროს დარგის სპეციალისტებს ან უწყებებს, რომ კონკრეტული დარგის განვითარებისთვის კოორდინირებული ქმედებები დანერგონ. ვფიქრობთ, ეს დოკუმენტი თავისი საკონსულტაციო ხასიათით აზრიანი დოკუმენტია. თუ მას სჭირდება დაშენება, ეს უნდა გაკეთდეს, რადგან ის ქოლგა დოკუმენტის ხასიათს ატარებს და ძირითად პრიორიტეტებს აერთიანებს“, - ამბობს ვანო ვაშაყმაძე.
ტურიზმის ექსპერტი სტრატეგიის შექმნის პროცესში დონორთა მხარდაჭერასა და პარტნიორების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ პროექტში დონორთა კოორდინაცია და თვითმმართველობის თანამშრომლობა კარგად დალაგდა.
„სამუშაო ჯგუფი ძირითადად ქართველებისგან იყო დაკომპლექტებული, თუმცა ჩვენი პარტნიორი ამერიკული ორგანიზაცია „სოლიმარ ინტერნეიშენალია“, რომელიც აშშ-ში ბაზირებს და 60-მდე ქვეყანაში მუშაობს. მასთან მუშაობა ჩვენთვის საინტერესო იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით. მეორე მხრივ ჩვენთვის საინტერესოა თავად ევროკავშირისა და ავსტრიის გამოცდილება, როგორც დონორების, რომლებმაც მნიშვნელოვანი რესურსი ჩადეს იმაში, რომ ევროპული გამოცდილება იმ მიმართულებებში დანერგილიყო, რომელიც სვანეთს ემთხვევა. ეს არის სათავგადასავლო, ტრადიციასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე, მასპინძლობის ფენომენზე დაყრდნობილი ტურიზმი. ეს გუნდი წასული იყო ალპების ირგვლივ და აქ ჩამოსვლის შემდეგ ამ დოკუმენტის გაცნობისას ეს ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის. ამ დოკუმენტზე მუშაობისას პირველ რიგში ალპური ქვეყნების გამოცდილებაზე მინდა აქცენტის გაკეთება, იგულისხმება ავსტრია, იტალია, სლოვენია, გერმანია და ა.შ.
ჩვენი დოკუმენტი დაფუძნებულია ხედვაზე, რომელიც მე ხშირად მაგონებს ავსტრიის ინსბურკის, სამხრეთ ტიროლის ტრენტინოს მაგალითს, შამონის მაგალითი... - ამათი პროტოტიპის შექმნაა საჭირო იმისთვის რომ შევქმნათ ის ხედვა, რაც ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ. გავუფრთხილდეთ ბუნებას, ისტორიას, კულტურას ვისწავლოთ რა უნდა ჩვენს სტუმარს რომ შეიმეცნოს და გაიგოს, დავხვდეთ ამ ღირებულებების პატივისცემით და შევძლოთ ამ ყველაფრის უცხოეთში გატანა და გაგებინება“, - განმარტავს სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ავტორი.
#რედაქტ2-ის კითხვას - რამდენად შესაძლებელია ამ სტრატეგიის გაწერილ ვადებში - 5 წელიწადში შესრულება, ვანო ვაშაყმაძე პასუხობს, რომ ეს რთული საკითხია.
„ამისთვის ჩვენ არც ინსტიტუციური და არც ფინანსური რესურსი გაწერილი არ ჰქონია, რომ გვეთქვა, რომ ეს ამ პერიოდში ამ თანხად გაკეთდება. განვითარების სტრატეგიის ხუთი მიზანიც პირობითია, რადგან ეს ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ეს ის საკითხებია, რომელიც ზედაპირზე ამოვიტანეთ. ისიც გვესმის, რომ მაგალითისთვის ინფრასტრუქტურის ნაწილში, სადაც საქმე მისაწვდომობას, ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება, ვეცადეთ, მოზომილები ვყოფილიყავით, რადგან ამისთვის ჩვენ დამატებითი რესურსები არ გვქონია“, - ამბობს ტურიზმის ექსპერტი.
ვანო ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ სვანეთში ტურიზმის სტრატეგიის შესრულება საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით უნდა მოხდეს.
„ტურიზმი ბიზნესია. ტურიზმში საქმის განხორციელება შეუძლებელია სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე, რადგან ბევრ რამეს კერძო სექტორი ვერ აკეთებს. მაგრამ კეთილსინდისიერი იყენებს ინვესტიციებს, იხდის გადასახადებს და ბიუჯეტში უკან აბრუნებს თანხას. უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც დღეს უცებ ვერ კეთდება, არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაკეთდეს. პატარა ნაბიჯებით უფრო გრძელ მანძილს გადიანო. არის ქმედებები, რომელიც მარტივია, რადგან ფინანსურად და ინტელექტუალურად უფრო შესრულებადია და არის მეგა პროექტები, რომლებსაც მეტი ფინანსები და რესურსები სჭირდება და ამიტომ სახელმწიფოს გარეშე არ გამოვა“, - განმარტავს ვანო ვაშაყმაძე და დასძენს რომ სტრატეგიის დოკუმენტის მიმართ ინტერესი სხვადასხვა მხარის მხრიდან კონსულტაციების პერიოდშიც დიდი იყო.
„GRETA და ჩვენი კონტრაქტი აბსტრაქტული არ იყო. ჩვენ გვყავდა დამკვეთი, ამოცანა და მიმღები, რომელიც უპირველეს ყოვლისა ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები და მათ მიერ დაფუძნებული ტურიზმის განვითარების ადგილობრივი ორგანიზაცია DMO, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, ის ამას გააკეთებს, თუმცა ბევრი რამ მის კომპეტენციას სცილდება, მაგრამ მას შეუძლია იყოს ლობისტი, ინფორმატორი, კომუნიკატორი და მისი დანიშნულება ამაშია. მან ამ ამოცანების დასმასა და გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს“, - აღნიშნავს კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი და ამ პროცესში აღმასრულებლებსა და კოორდინატორებს, მისი ჯგუფის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გაზიარებას სთავაზობს.