მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მურაბებისა და ჯემებისადმი ინტერესი ამერიკიდან და გერმანიიდან გვაქვს’’ - ვერველევი

6374e73c32ae0
თინათინ ნატმელაძე
20.11.22 22:44
740
კულინარიის სიყვარულმა და პირადი ბიზნესის ქონის სურვილმა სამი წლის წინ მაკა მეტრეველს მურაბებისა და ჯემების წარმოება გადააწყვეტინა, ასე შეიქმნა "ვერველევი". როგორც მისი დამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნავს, პირადი ძალებით წლიურად 5 000 ქილას აწარმოებს და მუდმივად ახალ პროდუქციას ამატებს.

მისივე ცნობით, მათ პროდუქტზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ძირითადად ტურისტებისგანაა და ამავდროულად ქართული ჯემებითა და მურაბებით საზღვარგარეთიდანაც ინტერესდებიან.

"სულ დაინტერესებული ვიყავი კულინარიით, მინდოდა, ჩემი კაფე ან პატარა რესტორანი მქონოდა, თუმცა ეს ძალიან დიდ ინვესტიციასთან იყო დაკავშირებული, თანაც რისკი არსებობდა - ან გაამართლებდა ან არა, ამიტომ გადავწყვიტე, რამე არა მალფუჭებადი მეწარმოებინა, ისეთი, რასაც გავაკეთებდი და თუ მეორე დღესვე ვერ გავყიდდი, გადასაყრელი არ გამიხდებოდა.

ამჟამად წლიურად 5 000 ქილა მურაბას და ჯემს ვაწარმოებ, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, ვამატებ კიდევაც. ხილს ბაზარში ვყიდულობ, მყავს ადამიანები, რომლებიც ვიცი, რომ ხარისხიან პროდუქტს მომიტანენ, ყველას ვერ ენდობი, რადგან სულ ცდილობენ, ცუდიც შემოგაპარონ. მუდმივად ვცვლი პროდუქციას, რაღაცებს, რაც ძირითადი და ტრადიციულია, ვტოვებ, თუმცა სიახლე სულ მაქვს, მაგალითად ახლა დავამატე ლეღვის ჯემი როზმარინითა და წიწაკით, ასევე ატამი ომბალოთი.

დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ძირითადად საქართველოში მცხოვრები უცხოელებისგან, განსაკუთრებით იმ ჯემებს მიმართ, რომელიც ყველთან იჭმება. ასევე გამოხმარეუბა იყო უცხოეთიდანაც, ამერიკიდან და გერმანიიდან, თუმცა ამჟამად ექსპორტისთვის საჭირო რაოდენობას ვერ ვაწრმოებთ", - აცხადებს მაკა მეტრეველი.

"ვერველევის" დამფუძნებელი წარმოების გაზრდასა და პროდუქციის ქარხნულად ჩამოსხმას გეგმავდა, თუმცა როგორც ის BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, გარანტია ვერ მიიღო, რომ ხარისხი არ შემცირდებოდა. მისთვის კი ამ ეტაპზე რაოდენობაზე მნიშვნელოვანი მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა.

"მურაბებისა და ჯემების ქარხნულად ჩამოსხმის სურვილი მქონდა, რადგან სახლში წარმოებას ძალიან დიდი დრო მიაქვს. ჩვენ ძველი ტრადიციებით ვამზადებთ, ზუსტად ისე, როგორც ბებიები აკეთებდნენ, 5 კილოზე მეტს ერთად არ ვხარაშავთ, შესაბამისად, ბევრად მეტი დრო იხარჯება. ქარხნული წარმოება ხარისხის გაფუჭების საფრთხეს აჩენდა, ჩემთვის კი ამ ეტაპზე ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა" - განაცხადა მაკა მეტრეველმა.

გამოწვევებზე საუბრისას მეტრეველი აღნიშნავს, რომ მათთვის მთავარი სირთულე ნედლეულზე ფასის მკვეთრი ცვლილებაა, რამაც საკუთარი წარმოების 20%-ით გაძვირება აიძულა.

"შაქარზე და ხილზე, ასევე ქილების ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ ჯემებისა და მურაბების ფასი 20%-ით გავზარდე, ახლა ერთი ქილის საფასური 12-14 ლარია. ამასთან ობიექტებს, სადაც ვაბარებ, რა თქმა უნდა, თავისი ფასნამატი აქვთ" - აღნიშნავს მეწარმე.

ამჟამად "ვერველევის" სახლში დამზადებული მურაბები და ჯემები ყველის მაღაზია "არიაში", "ყველის სახლში", საკონდიტრო "თავთავში", "ქართულ კალათასა" და სითი მოლის Food&Market-ში იყიდება.