01.მარტი .2021 23:34

"მზად ვართ შემოვიტანოთ ჩინური, ან რუსული ვაქცინის 100 000 ორმაგი დოზა" - ტურიზმის სექტორის ნაწილი მთავრობას მიმართავს

"მზად ვართ შემოვიტანოთ ჩინური, ან რუსული ვაქცინის 100 000 ორმაგი დოზა" - ტურიზმის სექტორის ნაწილი მთავრობას მიმართავს
views 8332
უკან

ტურიზმის სექტორის მიმართვა მთავრობას. შესაბამისი განცხადება ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.

"გვაქვს პატივი მოგმართოთ ტურიზმის ინდუსტრიის პრაქტიკულად ყველა სფეროს წარმომადგენელი ასოციაციების სახელით. დღეს მცირე, მაგრამ მაინც, გაკოტრებისგან გადარჩენის შანსი გაჩნდა. შეზღუდვების შემსუბუქების ეს ეტაპი დადებითია, თუმცა არასაკმარისი, რომ ინდუსტრიამ სული მოითქვას და თუნდაც 20% მაინც აღადგინოს ის პრცესები, რაც 2019 წლამდე ჰქონდა.

ჩვენ მიერ შემუშავებულ იქნა რიგი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც, ერთი მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდუსტრიის სწრაფი ტემპებით აღდგენას და მეორეს მხრივ აბსოლუტურად უვნებელი იქნება ქვეყნისთვის, მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზულ თანხებს დაუზოგავს (რაც ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა).

1. კომერციული ვაქცინაცია ტურიზმის გადასარჩენად - წინასწარი მალაპარაკებების შედეგად ჩვენ და კერძო სამედიცინო კომპანიები მზად ვართ, მაქსიმალურად რეალურ დროის ფარგლებში ქვეყანაში შემოვიტანოთ ჩინური, ან თუნდაც რუსული კოვიდ ვაქცინის 100.000 ორმაგი დოზა, სახელმწიფოს ფინანსური დახმარება/მონაწილეობის გარეშე, ამისათვის გვესაჭიროება მხოლოდ ნებართვა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ვაქცინები ჯერ „ჯანმო-ს“ მიერ არ არის რეგისტრირებული, ამიტომაც მათი გამოყენება საქართველოს მოქალაქეებისათვის არ მოხდება, განკუთვნილი იქნება მხოლოდ ინდუსტრიაში ჩაბმული პირებისთვის, მათი სურვილის და სრული პასუხისმგებლობის პირობით, ასევე მათი დამსაქმებლების თანხებით. ინდუსტრიაში მომუშავე ვაქცინირებული პირების არსებობა პირდაპირი სტიმულია უცხოელებისათის უსაფრთხო მოგზაურობის თვალსაზრისით. ამავდროულად ჩვენ შეგვეძლება შევთავაზოთ ვაქცინაცია-ტურები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მოგეხსენებათ ევროპაშიც კი ყველას არ აქვს და უახლოეს პერიოდში არც ექნება ვაქცინაციის საშუალება, აღარაფერს ვამბობთ აზიის და პოსტსაბჭოთა ბევრ ქვეყანაზე, დარწმუნებული ვართ ბევრ ადამიანს ექნება სურვილი ტურისტად ჩამოვიდნენ და პარალელურად ვაქცინაციაც ჩაიტარონ. ეს პროცესი მოგეხსენებათ მინიმუმ 2-კვირიანია და შესაბამისად ეს ტურებიც გრძელვადიანი და ყველასათის მომგებიანი იქნება.

2. პირველი პუნქტის განსახორციელებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახმელეთო საზღვრის გახსნა, იმ პირობებით, რაც დღეს გვაქვს საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვის, კერძოდ ვაქცინირებული და პისიარ ტესტიანი ვიზიტორებისათვის. მოგეხსენებათ ყოველწლიურ სტატისტიკაში ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო საზღვრებიდან შემოსული ვიზიტორების წილი ყოველთვის უდიდესი იყო, რატომ უნდა დავკარგოთ ნებაყოფლობით შემოსავალი უსაფრთხო ვიზიტორებისაგან?

3. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდგადატანილებისათვის ფილტვების სარეაბილიტაციოდ ჩვენი სამთო კურორტების (ბახმარო, ბეშუმი, ბაკურიანი და ა.შ) პოპულარიზაცია, ოთხივე სეზონზე. ვფიქრობთ მსურველი ბევრი იქნება და მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო გზით ყველაზე მეტი დამსვენებელი შემოვა.

4. თუ ადამიანს დაუდასტურდა „კოვიდი 19“ და არ ვართ 100%-ით დარწმუნებული რომ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, ხელი შევუწყოთ იმ პროცესს, რომ გადამისამართდეს კოვიდსასტუმროში. არალოგიკურია, როდესაც აცრილ ტურისტს არ ვაძლევთ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას, ხოლო კოვიდდადებით პაციენტს ვაძლევთ უფლებას წავიდეს სახლში, სადაც მისგან ინფიცირების ძალიან დიდი შანსია.

5. მესამე დღეს განმეორებითი პისიარ ტესტი: ამ შემთხვევაში ორი პრობლემა იკვეთება, პირველი ის, რომ სამწუხაროდ პისიარ ტესტი ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი (კერძოდ, ბაკურიანში, გუდაურში და მესტიაში), შესაბამისად, ეს მნიშვნელოვნად ართულებს ტესტირების პროცესს. მეორე, არანაკლებ პრობლემურია ტესტირება ერთკვირიან და უფრო გრძელვადიან ტურებზე, ამ შემთხვევაში ტურისტს უწევს ტესტის აღება, როგორც მესამე დღეს, ასევე გაფრენის წინ, რაც ზრდის ტურის ღირებულებას. თუ პირველი საკითხი ასე თუ ისე მოგვარებადია სახელმწიფოს მხრიდან, მეორე პრობლემის გადაჭრა საკმაოდ რთულ პროცესებს მოიცავს, აქ სასურველი იქნება გრძელვადიან ტურებზე განმეორებითი ტესტირების ჩატარება ჯგუფის გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, რაც აგვარიდებს ზედმეტ ხარჯებს", - წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, გამყვანი ტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურისტული კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა