მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნამახვანჰესის" პროექტის საფუძვლიან და ხელახალ რევიზიას არ ვაპირებთ - ნათია თურნავა

60475b54cacff
ინგა მურუსიძე
09.03.21 15:25
822
"ჩვენ არ ვაპირებთ "ნამახვანჰესის" პროექტის საფუძვლიან და ხელახალ რევიზიას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა, მოგვიანებით კი, დაინტერესებული მხარეების კითხვებსაც უპასუხა.

"ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროექტის საფუძვლიან და ხელახალ რევიზიას, რადგან პროექტი დამტკიცებულია, პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს, მაგრამ ვაპირებთ, გავხსნათ <დიალოგი> და თუ დამატებითი კვლევა არის საჭირო, ასეც იქნება. რაც შეეხება ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიას ამ პროექტზე, ის ბაქო-ჯეიჰანის პროექტის წინააღმდეგიც იყო“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტში მისვლისკენ ჯერ კიდევ 4 მარტს მოუწოდა; 5 მარტს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.

ცნობისთვის: 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-აა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ENKA-ში აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტში 2000-მდე ადამიანს დაასაქმებენ, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები