მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუგბარმა" ჩურჩხელის წარმოება გააორმაგა - კომპანიის გეგმები

63eb4d68cc42e
ნინო ჩიბჩიური
14.02.23 13:04
1364
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საწარმომ "ნუგბარი" ჩურჩხელის წარმოება ახალი ტექნიკის გამოყენებით განაახლა. წარმოების პრობლემების მოსაგვარებლად, მან მხარდაჭერა მოიპოვა პროექტის, "ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამის ნაწილია.

როგორც კომპანიაში ამბობენ, პროექტი კომპანიას ახალი, თანამედროვე დანადგარის შეძენაში დაეხმარა. ამ მოწყობილობის გამოყენებით „ნუგბარმა“ შეფუთვის ინოვაციური ტექნოლოგია დანერგა, რომელიც საკვებისა და წარმოების/შეფუთვის ნარჩენებს ამცირებს. პროგრამის წარმომადგენელთა განმარტებით, ეს დანადგარები იყენებენ სრულად გადამუშავებად ნედლეულს და აქვთ 30%-ით ნაკლები ნარჩენები, ვიდრე ტრადიციულ ვაკუუმის შესაფუთ მანქანებს.

"ახალი ტექნიკით გვაქვს რესურსი, რომ პროდუქციის ხარისხში დარწმუნებული ვიყოთ და დიდი საექსპორტო შეკვეთები მივიღოთ. ძველ და ახალ დანადგარს შორის დიდი განსხვავებაა, რაც ძალიან გვახარებს. ადრე ყველაფერს მე ვაკეთებდი, ვხარშავდი თათარას, ნიგოზს ძაფზე ვაცვამდი, თათარაში ვავლებდი და გასაშრობად ვკიდებდი. იმ რაოდენობისთვის რასაც ვაწარმოებდით, ერთ ადამიანზე მეტი არ გვჭირდებოდა. ახლა უკვე სხვა რეალობა გვაქვს, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით“, - ამბობს საწარმოს დამფუძნებელი.

ყველაფერი სოფელ საქობოში, ეკა ბოქოლიშვილის სამზარეულოში დაიწყო. მაშინ ის თათარას მხოლოდ ერთ ქვაბში ხარშავდა და ჩურჩხელა ხელით ამოჰყავდა, თუმცა ოჯახურმა ბიზნესმა მალე გაცილებით ფართო ასპარეზზე გადაინაცვლა.

ერთი ადამიანის შრომით დაწყებული საქმე, სრულმასშტაბიან ბიზნესად იქცა, რომელიც 60 ადამიანს ასაქმებდა და ყოველდღიურად 5 000-დან 6 000-მდე ჩურჩხელას აწარმოებდა. თუმცა ახლა თითქმის გაორმაგდა როგორც დასაქმებულების, ისე წარმოებული პროდუქციის რაოდენობა. "ნუგბარის“ პროდუქცია მთელ საქართველოში იყიდებოდა და 20-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გადიოდა, მათ შორის აშშ-ში, უკრაინაში, ლიტვაში, გერმანიაში, ჩინეთში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში.

"ნუგბარში" ამბობენ, რომ აღნიშნული მხარდაჭერით, საკმარისი რესურსი აქვთ ყოველდღიურად 15 000 ჩურჩხელას საწარმოებლად. მათივე თქმით, თითოელის ფასი ბაზარზე 2-5 ლარამდე მერყეობს, საახალწლოდ კი სასაჩუქრე შეფუთვასთან ერთად, ეს ღირებულება ორმაგდება.