მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება” წლობით ნაშენებ საბაზრო მექანიზმებს ანგრევს, ახლა პურის ბიზნესს მიადგნენ - რომან გოცირიძე

6475e83bf0e2a
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.23 16:41
2073
პურის ბიზნესის ხელშეწყობა, შაქრის ბიზნესი, მევენახეების, მევაშლეების, მეცისტრუსეების, მეთხილეების სუბსიდირება, გიდების სერტიფიცირება - ამ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო მიერ გატარებულ პოლიტიკას მანკიერ პრაქტიკად აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე და თავის მოსაზრებას Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

ის თვლის, რომ ფქვილის იმპორტზე ბაჟის დაწესებით მთავრობა მომხმარებელს პურ-პროდუქტებს უძვირებს. რომან გოცირიძის თქმით, სხვადასხვა დარგის ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმებით „ქართული ოცნება“ წლობით ნაშენებ საბაზრო მექანიზმებს ანგრევს. დეპუტატი ამბობს, რომ ამ მხარდაჭერას ხელისუფლება ხალხის ჯიბიდან ამოცლილი ფულით ახერხებს და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების ხელშეწყობით ხალხის ხმებზე ნადირობს.

„ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს “ქართული ოცნება” წლობით ნაშენებ საბაზრო მექანიზმებს. ახლა პურის ბიზნესს მიადგნენ. იმპორტირებულ ფქვილზე საბაჟო გადასახადს აწესებენ 200 ლარის ოდენობით. ამ გადაწყვეტილებამდე მთავრობა მას შემდეგ მივიდა, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და საპროტესტო აქციები გამართეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს უძვირებენ ფქვილისაგან წარმოებულ საქონელს.

ხორბალს ადგილობრივი მწარმოებლები იმიტომ კი ვერ ყიდიან, რომ იმპორტი იაფია, არამედ წარმოების ხარჯები გაეზარდათ. აბა როგორ იქნება, როცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ოფიციალური ინფლაცია დაახლოებით 25%-ია, რეალური კი კიდევ უფრო მეტი. ეს ხელისუფლების ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. თავიანთ გაფუჭებულ საქმეს, ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე “ასწორებენ”.

პურის ფასი რომ არ გაძვირდეს, ადგილობრივ წისქვილკომბინატებს დავავალდებულებთ, რომ აქ წარმოებული ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარზე მეტად არ გაყიდონო. ესეც მეორე მავნებლობა, ფასის ზედა ზღვრის დაწესება. ამას ვერავინ შეამოწმებს, თანაც ლარის კურსის ცვლილების თუ სხვა მიზეზების გამო ყოველთვის იქნება მოთხოვნა ფასის ჭერის “გონივრულ” ფარგლებში კორექტირების.

ფქვილზე ხუთი თვით საიმპორტო საფასური წესდება

მთავრობამ ანგარიში გაუწიაო მეხორბლეების პროტესტს. მანამდე მეშაქრეების პროტესტი იყო, კიდევ უფრო ადრე მევენახეების, მეციტრუსეების, მევაშლეების და ასე შემდეგ. წელს უკვე ყველაზე რენტაბელურ დარგს მიადგნენ და ყოველგვარი პროტესტის გარეშე მეთხილეებს სუბსიდიები დაუწესეს. ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოცლილი ფულია. ამ ფულამოცლილ მოქალაქეთა ნაწილი, რომელთაც ეკონომიკის ინჩი-ბინჩი არ გაეგებათ, ყველა პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ ფეისბუკზე კაკუნით თუ სამეზობლოში ვიშ-ვიშით.

ახლა გიდების თემა აღელვებთ თურმე ამ მეტად “სენსიტიურებს” - სხვა ქვეყნის გიდებმა არ გაბედონ ტურისტების მომსახურება, ისტორიას გვიმახინჯებენო. კანონის შემოღებას აპირებენ, რომ ყველა გიდი ლიცენზირებული უნდა იყოს და ლიცენზიის მიღების წინაპირობა ქართული ენის ცოდნა უნდა გახდეს.

ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური მოტივი დგას-ხმებზე ნადირობა. ჰო და, ეს დოყლაპია მთავრობის მოწინააღმდეგეებიც კი ხელს უწყობენ იმ ხელისუფლების ჩაბეტონებას, რომელიც არ მოსწონთ.

ეჰ, რა დრო იკარგება და კიდევ რამდენი დაიკარგება ამ მავნებლობების გამოსასწორებლად?!" - წერს რომან გოცირიძე.