მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაოგნებულობა ნიშნავს, რომ IMF-ის პროგრამა საქართველოში დაიხურება... საინვესტიციო მიმზიდველობა გაუარესდება“

6486ea8e91911
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.23 13:55
558
სტატიაში საუბარია:
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაოგნებულობა“ იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში IMF-ის პროგრამა დაიხურება, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს. ამის მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან სებ-ში საფინანსო კლანის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„ვეტოს დაძლევა ნიშნავს ეროვნულ ბანკში ისეთივე კლანის ფორმირებას, როგორიც სასამართლო სისტემაშია. საფინანსო კლანი ყალიბდება, სადაც საბჭოში იქნებიან ძირითადად წარმოდგენილები ყოფილი მინისტრები და მათი მოადგილეები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ქართული ოცნების სკოლა გაიარეს, ოღონდ ცუდი - მორჩილების სკოლა.

ასეთი მკაცრი განცხადება სავალუტო ფონდიდან ჩვენ არ მოგვისმენია, როგორც მათ გასულ კვირას განაცხადეს - „გაოგნებულები ვართ“, ასეთ რამეს დიპლომატიურად თუ სხვა მოსაზრებით არ ამბობენ, ხომ შეიძლება რაღაც კრიტიკული გამონათქვამი ყოფილიყო, გაოგნებულობა იმას ნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოში დაიხურება. სავალუტო ფონდის პროგრამის დახურვა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა კიდევ უფრო გაუარესდება.

როდესაც საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად გადაემტერა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დასავლეთის ქვეყნებს, აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს და პარლამენტში პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფს ქმნის, ამ ფონზე საფინანსო ინსტიტუტის გადამტერება, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ბევრი სხვა, რომელთა წყალობითაც დღეს ქვეყანაში ბევრი რამ შენდება, მათ შორის ხიდები, გზები და ა.შ. ანუ საქართველოს ხელისუფლებას ეს არ ადარდებს. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეგნებულად მიდიან დაპირისპირებაზე და ჩნდება ეჭვი, რომ ამ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება მართლაც არ უნდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველი ძალა პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს და ეს პროცესი დროში გაიწელება.

„ჩვენ მოვისმინეთ აქ ნათელი განმარტება ქართული ოცნების მხრიდან, არც ერთი კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნება წარმოდგენილი, აქ არ დამტკიცდება. ეს ჩვენ უკვე ვნახეთ, ორი კანდიდატი წარმოადგინეს და ორივე ჩააგდო პარლამენტმა. მათთვის ქვეყნის კონსტიტუცია აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ისინი ამბობენ, რომ ის იქნება, ვინც პარტიას უნდა და პრეზიდენტმა ის უნდა წარმოადგინოს, ვისაც შესთავაზებს პარტია. ეს ქართული ოცნების სამართლებრივი პოზიციაა, რაც არაკონსტიტუციურია. სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა პარლამენტში ჩამოეკიდება მანამ, სანამ ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, ანუ წელიწადნახევრის განმავლობაში მისი განხილვა არ მოხდება. ამ პერიოდში ეროვნული ბანკის საბჭოს მათ მიერ მართულ ერთ-ერთ წევრს შეეცდებიან დააკისრონ პირველი ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობა და სინამდვილეში ეროვნული ბანკი გახდეს პოლიტიკური მართვის ორგანო“, - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ: დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააცნო. მისი თქმით, პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.

კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო.

რაც შეეხება თავად ცვლილებებს, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. ცვლილებების პროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.

თუმცა, გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯეიმს ჯონი გასული კვირის მიწურულს ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკას" გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული ბანკის საკითხს მიეძღვნა. IMF-ის წერილობით განმარტებაში, რომელიც „ანალიტიკამ“ მიიღო, აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ-ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები