28.ოქტომბერი .2020 10:33

"ოცნების“ პროგრამა: გაგრძელდება თითოეული რეგულაციის ფაქიზად დანერგვა

views 503
უკან

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბიზნესს რეგულაციების შემოღების ფაქიზად დანერგვის პირობას აძლევს.

ამის შესახებ პარტიის საარჩევნო პროგრამაში წერია.

“მმართველი ძალის გადაწყვეტილებით, ახალი რეგულაციების შემოღება და მათი იმპლემენტაცია სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება. უკვე ამოქმედდა რეგულირების გავლენის შეფასების RIA ინსტრუმენტი, რაც რეგულაციების მოსალოდნელი შედეგების ფართო ანალიზის საშუალებას იძლევა. გაფართოვდება არსებული ინსტრუმენტი ბიზნესგარემოზე ზემოქმედების მქონე საკანონმდებლო ინიციატივების თაობაზე. გაგრძელდება თითოეული რეგულაციის შემოღების ფაქიზად დანერგვა, რათა ნებისმიერი ნეგატიური შედეგი თავიდან იყოს აცილებული”, - ესაა ამონარიდი 97-გვერდიანი პროგრამიდან.

ახალი რეგულაციების შემოღებისას კერძო სექტორის მაქსიმალურად ჩართვის პირობას დებს ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და პარტიის მე-11 ნომერი მიხეილ დაუშვილიც.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში რეგულაციების შემუშავებაში კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული კერძო სექტორი. უნდა გავითვალისწინოთ კერძო სექტორის გამოწვევები, რათა მათ არ შევუქმნათ დისკომფორტი თავიანთი საქმის კეთებაში და, რა თქმა უნდა, თითოეული რეგულაციის შემოღება დაეფუძნოს სიღრმისეულ ანალიზს, თუ რა გავლენა ექნება ამა თუ იმ ახალ რეგულაციას ბიზნესის კეთებაზე და ამ კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ რეგულირების გავლენის შეფასების მექანიზმი (RIA) გაფართოვდება და შეეხება ყველა იმ საკანონმდებლო რეგულაციას, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიზნესის კეთებასთან“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

შეგახსენებთ: 2020 წლის პირველ იანვარს ძალაში შევიდა ნორმატიული აქტების შესახებ ორგანულ კანონში გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო პროცესში ახალ ინსტრუმენტს - “რეგულირების გავლენის შეფასებას” ანუ RIA-ს ნერგავს. კანონის მეჩვიდმეტე მუხლის მიხედვით, რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებისთვის. ცალკეულ შემთხვევებში RIA მომზადდება სახელმწიფო მმართველობის სხვა უწყებების მიერ მომზადებულ კანონპროექტებზეც, თუ აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა