მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორბი ჯგუფი": ბათუმი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით უნდა განვავითაროთ

620385c7ccc52
თათია ჩაფიჩაძე
20.02.22 13:00
1286
„ორბი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ მათ პროექტებში ამჟამად დატვირთულობის კოეფიციენტი 35%-ია. კომპანიის გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე ფიქრობს, რომ ბათუმი დღეს უკვე ოთხსეზონიანი კურორტია, რომელსაც დისტანციური მუშაობის და სწავლების პირობებში არაერთი უცხოელი დამსვენებელი სტუმრობს.

„ბათუმი დღეს უკვე არის ოთხსეზონიანი, სეზონებს შორის აქტივობა განსხვავებულია. სასტუმროები არ იკეტება ზამთარში, განსხვავებით სხვა რეგიონებისგან. ეს ცხადყოფს იმას, რომ ქალაქი ოთხ სეზონზე მუშაობს. უკვე შესამჩნევია რომ დროის ნებისმიერ მონაკვეთში მრავლად არიან უცხოელები. ჩვენს ობიექტებს დღესდღეობით 35%-იანი დატვირთვა აქვს, ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ახალი ტენდენცია წამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან, როდესაც დისტანციური მუშაობის ფარგლებში ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც კარგი გარემოა, ხელმისაწვდომი ფასებია ცხოვრებისთვის, კარგი ინტერნეტია, კარგი კლიმატია, ამ პირობებს კი საქართველოს ბევრი რეგიონი აკმაყოფილებს და არა მხოლოდ ბათუმი. თუმცა ბათუმს როგორც უფრო ინფრასტრუქტურულად განვითარებულ ქალაქს, მაგნიტის ფუნქცია აქვს და ბევრი ადამიანი მიგრირდება აქ, რაც ჩვენი რეგიონის უფრო მეტ აქტივობას განაპირობებს. ეს დატვირთულობა პანდემიის პირობებში სასიამოვნო და მისაღები ფაქტორია და ვფიქრობთ, რომ მომდენო პერიოდში ეს დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება", - ამბობს კვერღელიძე.

ქალაქის მთავარ გამოწვევებზე საუბრისას კვერღელიძე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ასახელებს და აცხადებს, რომ ავიამიმართულებით არსებული რესურსის სრულფასოვნად გამოყენება ამ ეტაპზე არ ხდება.

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით უნდა განვავითაროთ ქალაქი, მიუხედავად იმისა რომ დიდია მცდელობა და მუშაობა რომ ავიაციამ იმუშავოს, ვფიქრობ რომ არის რესურსი ბევრი მიმართულებით დაინიშნოს ფრენები, როცა ტრანსპორტის მისაწვდომობა არის, ასეთ დროს არჩევანში გადამწყვეტია ეს. კარგი პროექტებია ამ მხრივ, რაც მე მახარებს და ვფიქრობ რომ ზაფხულისკენ გააქტიურდება, უფრო მეტი ავიამარშრუტები გვექნება, რაც ტურისტების წახალისებას განაპირობებს.

ჩვენი ჯგუფი თვლის, რომ ბათუმის პოტენციალი გაცილებით მეტია, ვიდრე დღეს ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს და განსაკუთრებით ბათუმს და აჭარას უდიდესი პერსპექტივა აქვს. ამიტომ ჩვენი ძირითადი ხედვაა, შევქმნათ რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურა ტურისტების მოზიდვისთვის. ჩვენი გრძელვადიანი გეგმა ემსახურება იმას, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მაღალი კლასის პროდუქტები. არის ტერიტორიები, სადაც სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, შეთანხმების ნაწილზე ვართ და ამ შრომის უკვე დიდი ნაწილი განხორციელებულია. ჯერ ვერ გამომაქვს დეტალები, თუმცა ის თამამად შეძლებს ნებისმიერი დონის, კლასის ტურისტის მიღებას", - განაცხადა "ორბი ჯგუფის დირექტორმა.