10.ივლისი .2020 18:50

"პირველი მსხვერპლი კავკასუს ონლაინი იქნება, ხვალ ყველა ავტორიზებული პირი მიჰყვება მას" - კომპანიის იურისტი

views 1081
უკან

დღეს პირველი მსხვერპლი კავკასუს ონლაინი იქნება, სიტყვას გაძლევთ დღეს თუ ხვალ ყველა ავტორიზენული პირი მიჰყვება მას - ამის შესახებ „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა დავით კაპანაძემ აღნიშნა, „კავკასუს ონლაინი“ უკვე აკმაყოფილებს კანონპროექტით არსებულ მოცემულობას და მისი მიღების შემთხვევაში კომპანია დაიღუპება.

„რატომ ეხება ეს კავკასუს ონლაინს? - ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აქ მოცემულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომელზეც გამოყენებულია, გაფრთხილება, 30 000 ჯარიმა, 90 ათასიანი ჯარიმა, 270 000 ჯარიმა ერთხელ და მეორედ 270 000 ჯარიმა, ეს ხდება 2019 წლის შემოდგომიდან, აქ წინასწარი თანხმობის გარეშე რაღაც ტრანზაქციის განხორციელება კი არ არის კანონის მიზანი, კანონის მიზანია, რომ პრევენციული მოქმედება განახორციელოს ისეთი ტრანზაქციის მიმართ, რომელსაც აქვს ნეგატიური გავლენა ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე.

იცით, რომ დღემდე არ შეუსწავლია ეს კომისიას მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მიმართვისა, რომლის უფლებამოსილება გააჩნია კომისიას. ერთადერთი სიჩქარე და სიმწვავე ამ კანონპროექტის მიღების ის არის, რომ აგვისტოს დასაწყიში და ეს კანონპროექტი, რომელიც ასე ფორსირებულად ასეთი ნეგატიური შეფასებებით არის მიღებული, იმოქმედებს პირველ რიგშ კავკასუს ონლაინზე. დღეს პირველი მსხვერპლი კავკასუს ონლაინი იქნება, სიტყვას გაძლევთ დღეს თუ ხვალ ყველა ავტორიზენული პირი მიჰყვება მას“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

„კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა ასევე იმ პროცესებზე ისაუბრა, რომელიც კანონპროექტის ინიცირების შემდეგ ვითარდებოდა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი კომპანიებს ეუბნებოდა, რომ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების ინიციატივა მთავრობას ეკუთვნოდა.

„ეს კანონპროექტი ინიცირებულია 24 ივნისს კომუნიკაციების კომისიის მიერ, რომელმაც მიმართა მთავრობას და წერია, რომ რაღაც სასწრაფო საკითხი არის დასარეგულირებელი. მიზეზი კონკრეტულად დასახელებული არ არის და მითითებულია, რომ ჯარიმებს ხშირ შემთხვევაში ეფექტი არ აქვს და დღემდე არ მოგვისმენია არაფერი კონკრეტული. ამის შემდეგ გვაქვს დახურული შეხვედრა კომისიას და ოპერატორებს, სადაც კომისიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ მთავრობაა ინიციატორი, თვითონ კი არაფერ შუაშია და დაჩქარებულად მოხდება ამის განხილვა. ვთხოვეთ გაეზიარებინათ კანონპროექტი. კანონპროექტი არ გაგვიზიარეს, მხოლოდ ბიუროს საიტზე როდესაც აიტვირთა, იქიდან გახდა ხელმისაწვდომი და ისიც იმიტომ, რომ მედიაში ფართო გაშუქება და გამოხმაურება მოჰყვა ამ საკითხს“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე შეფასებით, ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც სექტორს, ასევე სასამართლოსა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.

„მთავრობას აქვს პირდაპირ დადგენილი, რომ ასეთი ტიპის ცვლილებებზე, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს ეხება, უნდა ჩატარდეს რეგულირების შეფასება (RIA). მთავრობას კონკრეტული არგუმენტების გარეშე აქვს მოთხოვნილი, რომ მოდით ამის გარეშე მივიღოთ დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი. აპელირებენ კანონპროექტში ასოციარების ხელშეკრულების 105-ე მუხლზე იმ ნაწილში, რაზეც სამართლიანად მაუწყებლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აღარ შეჩერდება ადმინისტრაციული აქტი, რომელსაც კომისია მიიღებდა. იგივეა 105-ე პუნქტს ცოტათი თუ ჩავუყვებოდით მე-7 პუნქტში მითითებულია, რომ 105-ე მუხლი თუკი რამეს ეხება ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება, დისკუსიას საჭიროებს - ფართო განხილვას, ყველა იმ სუბიექტის მონაწილეობით, რომელსაც ეხება ეს საკითხი და გონივრული ვადა უნდა ჰქონდეთ, რომ თავისი მოსაზრებები წარმოადგინონ. სრულად იყო ესეც უგულებელყოფილი.

ამ დროს არ გვაქვს ინფორმაცია, რა არის ამ კანონპროექტის წარდგენის მიზეზი და უფრო მეტიც კავკასუს ონლაინს ეხება ეს ცვლილება დღეს, მაგრამ აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმურია ყველა შეშფოთება, რაც მოვისმინე კოლეგებისგან, რომ დღეს შესაძლოა ერთ ოპერატორს ეხებოდეს, მაგრამ ეს ეხება მთელ სეგმენტს და ეს ამ სეგმენტს დაღუპავს, განვითარებას შეაფერხებს და ზოგადად განცდას ნდობის თუ ქვეყნის საინვესტიციო განვითარების საერთოდ ნეგატიურ ჭრილში განავითარებს. დავკარგავთ იმას, რაც ძალიან რთული მოსაპოვებელია ჩვენი ქვეყნისთვის როგორიც არის სამართლის უზენაესობა“, - განაცხადა „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა დავით კაპანაძემ.

 

 

 


მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომელიც ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას. კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.


დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში კანონპროექტის განხილვა კომუნიკაციების სექტორის მკაცრი შენიშვნების შემდეგ ორშაბათამდე გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა