მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრეტენზია გვაქვს ჩვენს ხელისუფლებასთან" - ვარლამ გოლეთიანი

60474b1a0cfb0
ინგა მურუსიძე
09.03.21 14:39
1133
„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი, აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოქალაქეებს პრეტენზია აქვთ არა „ნამახვანჰესის“ ინვესტორთან, არამედ საქართველოს ხელისუფლებასთან.

ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.

„ვწუხვართ, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ რისკებს და საფრთხეებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ხეობის ინვესტორისთვის გადაცემამ გამოიწვიოს. ეს არ არის ერთი საკარმიდამო ნაკვეთი, რომელსაც უცხოელი იყიდის. ეს არის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიული არეალი; როცა ისმის კითხვები, პასუხების გაცემის ნაცვლად პირდაპირ საკითხის დისკრედიტაციას იწყებთ და ცდილობთ, ქსენოფობიად წარმოაჩინოთ ეს ყველაფერი“,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

სიტყვით გამოსვლისას მან გაიხსენა კომპანია ENKA-ს დირექტორის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან და განაცხადა, რომ მიუხედავად მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა, მოსახლეობას პასუხი არ გაუცია.

„ჩვენი დამოკიდებულება ყველამ ნახა, როცა კომპანიის დირექტორი მოვიდა და შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციით მოგვმართავდა. ამაზე იქ არავის ჰქონია ადეკვატური რეაქცია. თუ დანახვა გინდათ, კარგად უნდა ხედავდეთ, რომ არავინ ცდილობს მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს და მოქალაქეებს რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენოს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს თქვენთან - ჩვენს ხელისუფლებასთან. ათასობით ადამიანს მიგვაჩნია, რომ ხეობის ინვესტორისთვის გადაცემა არის პრობლემა. არსებობს კითხვები და ნუ გავაჩენთ უფსკრულს... რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხაზზე დალაგდით და ჩვენ ვართ მეორე მხარეს. ცდილობთ, ჩვენს მარგინალიზებას; ამის საშუალებას არავინ მოგცემთ, რადგან უმრავლესობის არგუმენტირებული აზრი არის უპირატესი. ხალხი ფიქრობს, რომ ხეობის გადაცემაა პრობლემაა და ეს არის წითელი ხაზი“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.