მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქირის ფასის მკვეთრი შემცირება მოსალოდნელი არაა, სტუდენტებს საცხოვრებლის გაზიარება მოუწევთ"

631c86b58ec9f
ალა ისპირიანი
10.09.22 18:25
933
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადის შემოსვლა განაპირობა, რამაც უძრავ ქონებაზე, მათ შორის ბინის გაქირავებაზე, მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. რთული სათქმელია ზემოთ აღნიშნული „ტურისტები“, რამდენი ხნით დარჩებიან საქართველოში, რადგან გამორიცხული არ არის ისინი მიგრანტებად გადაიქცნენ. პრობლემა ის არის, რომ აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით მტკივნეული სტუდენტებისთვისაა, რადგან სწავლა იწყება და ბინის დაქირავება მომატებული ფასით მოუწევთ.

“თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა ირინა კვახაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ თქვა, რომ მოლოდინი არ არის, რომ ბინის ფასი საწყის ნიშნულს დაუბრუნდება, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული კორექტირებები იყოს.

„ბაზარმა კორექტირება განიცადა, სიახლე შეითვისა და ახლა ფასი ნელ-ნელა იწმინდება. ვხედავთ, რომ ბინის ფასები ისეთი აღმავალი აღარ არის და თანდათან ქვემოთ ჩამოდის. მოლოდინი არ არის, რომ ფასი რადიკალურად შემცირდება და საწყის ნიშნულს დაუბრუნდება, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული კორექტირებები იყოს. მაგრამ, მაგალითად, სტუდენტებისთვის ეს დამაიმედებელი არ არის, რადგან სწავლა იწყება და 2 კვირაში ეს ტენდენცია არ შეიცვლება. ალბათ სტუდენტებს ერთმანეთისთვის საცხოვრებლის გაზიარება მოუწევთ“, - ამბობს ირინა კვახაძე.

აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს Cushman & Wakefield Georgia-ს საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეკლა იაშაღაშვილიც, რომელმაც იგივე გადაცემაში თქვა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს უნდა დაევალოს.

„ფასი ყველა უბანში გაზრდილია. იმ უბნებში, სადაც ფასები გარეუბნებთან შედარებით მაღალი იყო, ფასების უფრო დაბალი ზრდა გვაქვს და გარეუბნებში როგორიც არის სამგორი, დიდი დიღომი, იქ შედარებით დიდი ზრდაა. თითქოს უბნებს შორის ფასების გათანაბრება ხდება. მაგალითად, მთაწმინდასა და დიღომს შორის აქამდე არსებული გასაქირავებელი ბინების ფასთა შორის დიდი სხვაობა ახლა შედარებით შემცირებულია, მაგრამ თბილისის მასშტაბით ფასი ყველგან გაზრდილია“, - განაცხადა მან.