„თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსის ირინა კვახაძის განცხადებით, 2024 წელს, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ქირის ფასი, დაახლოებით, 16%-ით შემცირდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ „თიბისი კაპიტალში“ ქირის გაიაფების მკვეთრ ცვლილებას არ ელოდებიან.
„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, სექტემბერში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 12.4 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე 35%-ით მაღალია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი 1,169 $/კვ.მ-ს გაუტოლდა და წლიურ ჭრილში 21%-ით გაიზარდა.
„ფასების მიმართ მოლოდინზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა მიზეზით იზრდება ფასები - უძრავი ქონება მხოლოდ მოთხოვნის ზრდას არ გაუძვირებია. რამდენიმე მიზეზი იყო, რამაც შარშან უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას შეუწყო ხელი; პირველი ფაქტორი იყო ლარის კურსი - ეროვნული ვალუტის გამყარებამ განაპირობა დოლარში უძრავი ქონების ფასის მნიშვნელოვანი ზრდა;
ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა, რომელიც პანდემიის პერიოდში დაიწყო და გაგრძელდა შარშანაც, თუმცა 2023 წელს უკვე ვხედავთ დასტაბილურებას - მცირე მერყეობაა, მაგრამ რადიკალურად - არა, რაც საბოლოო ჯამში, უძრავი ქონების ფასსაც ეტყობა - მნიშვნელოვანი მერყეობა არ ჩანს; მესამე ფაქტორია - გაძლიერებული მოთხოვნით განპირობებული ფასის ზრდა. სწორედ იმიტომ, რომ ამ სამი ფაქტორის შედეგია გასაყიდი ფასის ზრდა, ფასები შესაძლოა, დაკორექტირდეს, მაგრამ ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვით. დინამიკას უნდა დავაკვირდეთ - როგორც ტრანზაქციებს, ისე ახალი სამშენებლო ნებართვების გაცემას. ეს უკანასკნელი წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, შემცირდეს ენერგოეფექტურობის კანონის გამო ანუ შესაძლებელია, ნებართვების რაღაც ნაწილი კანონის ამოქმედებამდე იყოს აღებული.
სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ველოდებით, რომ უძრავი ქონების გასაყიდი ფასი რადიკალურად დაკორექტირდება; თუ ბაზარზე უძრავი ქონების მიწოდება გაიზრდება და აქტივობა შენელდება, შესაძლოა, გასაყიდი ფასი კლების მიმართულებით დაკორექტირდეს, მაგრამ არა - დრამატულად, უფრო - 5-7%-ის ფარგლებში. ქირის შემთხვევაში კი, ნამდვილად ველოდებით, რომ 2024 წელს წლიურად უძრავი ქონების ქირის ფასი, დაახლოებით, 16%-ის ფარგლებში შემცირდება და ეს ტენდენცია მომდევნო 2-3 წლის მანძილზე გაგრძელდება“, - განაცხადა ირინა კვახაძემ.