მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქსოვილის ადგილობრივი წარმოება დიდი შვება იქნებოდა“ - "სპილოუ"

607318243e2e6
მარიამ იზორია
11.04.21 22:00
1459
ერთწლიანი ექსპორტის შემდეგ, ქართული ბავშვთა ტანსაცმლის ბრენდი „სპილოუ“ Amazon-ზე დარეგისტრიდა. როგორც ბრენდის დამფუძნებელი სოფო ჩხაიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ბრენდმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ - საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაზე მონაწილეობის ინიციატივით მიმართა და მათი თანადაფინანსებით პარიზსა და ფლორენციაში ტანსაცმელი წარადგინა, სადაც პირველი კონტაქტები ლიბანთან და ლონდონთან დაამყარა.

„2020 წელს ექსპორტი განვახორციელეთ საფრანგეთში, გერმანიაში იტალიაში, საბერძნეთში, ბელგიასა და ლუქსემბურგში, ცნობადობა 2020 წლის გამოფენაზე გავზარდეთ“, - აცხადებს სოფო ჩხაიძე.

პანდემიამ „სპილოუს“ ფიზიკური გაყიდვების ობიექტის დახურვა გამოიწვია, ბრენდი ონლაინგაყიდვებზე გადავიდა და პირბადეების წარმოებაც დაიწყო, პირველ ჯერზე 2000, შემდგომ 12 000 და ბოლოს 17 000 პირბადე ბრიტანეთში Amazon UK-ზე გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ „სპილოუს“ სამოსი მთლიანად იმპორტირებული ნედლეულით იქმნება. მართალია, ბრენდის დამფუძნებლები ცდილობენ, ქართული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა შეინარჩუნონ, "მაგრამ ლარის კურსი და გაძვირებული პროდუქცია ხელის შემშლელი ფაქტორებია. ქსოვილის ადგილობრივი წარმოება ბიზნესისთვის დიდი შვება იქნებოდა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „სპილოუს“ მიზანი ექსპორტის გაფართოება და ჩვილებისთვის ნაწარმის დამატებაა, „პანდემიის პერიოდში ახალ ინვესტიციებს ვერიდებით, ქართული ბაზარი საკმარისად ავითვისეთ, Amazon-ზეც დავრეგისტრირდით, ექსპორტის გარეშე კი მომავალი არ გვაქვს“, - აცხადებს სოფო.

ცნობისთვის: "სპილოუ" სამმა დედამ 2016 წელს დააფუძნა, თითოეულმა 2000-ლარიანი ინვესტიცია განახორციელა, სტარტაპერ სესხის დახმარებით კი პატარა სამკერვალო და პირველი გაყიდვის ობიექტი გახსნა. სამკერვალოში 6 ადამიანია დასაქმებული, "სპილოუს" ტანსაცმელი 1-11 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი, ბრენდის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი დინოს ჟაკეტია, რომლის ფასიც 85 ლარია.