მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული ნავთობის აკრძალვა უნგრეთის ეკონომიკისთვის ატომური ბომბივით იქნება" - ორბანი

6274d61857bcc
გიორგი თოლორდავა
06.05.22 12:10
1199
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად დააზარალებს უნგრეთს და მას ქვეყნის ეკონომიკაზე ატომური ბომბის მსგავსი გავლენა ექნება.

„რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა ჩვენთვის მიუღებელია; ამას უნგრეთის ეკონომიკაზე ატომური ბომბის დაცემის მსგავსი გავლენა ექნება. ნავთობზე ემბარგოს დაწესება ქვეყანაში საწვავის მკვეთრად გაძვირებას გამოიწვევს, ჩვენი მთავრობა კი იბრძვის, რათა ეს თავიდან იქნას აცილებული და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დაცვა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მყისიერად ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული სისტემა თითქმის სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე, შესაბამისად, რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შესამცირებლად უნგრეთს გაცილებით მეტი დრო და რესურსები სჭირდება, ვიდრე - სხვა ქვეყნებს.

Reuters-ის ცნობით, უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები ევროკავშირის მიერ გამონაკლისის დაშვებას და მათთვის შედარებით ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდის დაწესებას მოითხოვენ; წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული, რომ უნგრეთმა EU-ს სანქციების მეექვსე პაკეტს ვეტო დაადოს.

„მსგავსი მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ერთსულოვან თანხმობას. აზრი არ აქვს კომისიის მიერ ისეთი ინიციატივის წარდგენას, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვით შეზღუდავს უნგრეთს - მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ასეთ ინიციატივას მხარს არასოდეს დავუჭერთ“, - განაცხადა მთავრობის კაბინეტის მინისტრმა გერგელი გულიასისმა.