მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა, 50-100 ე.წ. "ლეგიონერი" ექიმი“... - დავით მრელაშვილი ჯანდაცვის სისტემაში ქაოსის შემცირებაზე

5fb4c24106ae7
თელარა გელანტია
18.11.20 10:48
1568
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ტელენევროლოგი დავით მრელაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა იმართონ covid-პაციენტები ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს. „კარგი ექიმები ნამდვილად ბევრი გვყავს საქართველოში. უბრალოდ, თუ პისტოლეტებით ომში მათ კომბალს გავატანთ საბრძოლველად - აუცილებლად დამარცხდებიან”, - წერს ტელენევროლოგი და გამოთქვამს მოსაზრებას, როგორ შეიძლება არსებული ქაოსის მოგვარება. დავით მრელაშვილის პოსტს, რომელშიც ის ბინაზე მომკურნალე 5000 - 10 000 პაციენტის სამართავად 50-100 მაღალკვალიფიციური ე.წ. "ლეგიონერი" ექიმის საჭიროებაზე სთავაზობს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„კომპეტენციას განსაზღვრავს რეალურ ცხოვრებაში შესაფერისი გამოცდილება, გაკეთებული საქმე, და არა CV, ტიტულები და ჭკვიანური თეორიების ფრქვევა სოციალურ სივრცეში თუ მიკროფონთან.

ის, რაც ლოგიკური ჩანს ქაღალდზე კაბინეტში, ხშირად არ ამართლებს პრაქტიკაში და ბრძოლის ველზე ამა თუ იმ მიზეზის გამო. აუცილებელია, ამ ორ ბოლოს შორის ლაივ რეჟიმში უკუკავშირი და იმპროვიზაცია სისტემის მაქსიმალურად ჩქარა დახვეწისთვის.

2019-ში აშშ-ის ყველა ინსულტის შემთხვევის 1% თავად ვნახე (330 მილიონი მოსახლეობის ქვეყანაა), რაც დაუჯერებლად ჟღერს ფაქტობრივი მტკიცებულება რომ არ იყოს. ეს შესაძლო გახდა სწორად აწყობილი დისტანციური მართვის სისტემის წყალობით.

ეს ათასობით პაციენტი ვნახე არა დასტუკებით, არამედ თავიდან ბოლომდე - დიაგნოზით დაწყებული, მკურნალობით დამთავრებული და გამოსავალზე ლეგალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით (ნულოვანი გართულებით). ეს პაციანტები ზოგადად კორონავირუსიან პაციენტებზე გაცილებით რთულებია სამართავად, და ბევრ მათგანში წამებიც კი გადამწყვეტია იქედან გამომდინარე, რომ ინსულტის დაწყებიდან თრომბოლიზის გაკეთებამდე ყოველ წუთას საშუალოდ 2 მილიონი ნერვული უჯრედი კვდება და აღარ აღდგება თუ დროულად არ მიხედე.

ამ სისტემის ასეთი მაღალი გამავლობის დახვეწას 10 წელზე მეტი მოვანდომე, ექიმების და დისპეჩერების განრიგის კლასტერებად დანაწილებით დაწყებული, სამუშაო კომპიუტერის და მონიტორების სპეციფიკაციებით დამთავრებული. შედეგია ის, რომ კომპანია ვისზეც ვმუშაობ კონსულტანტად, გადაუდებელი შემთხვევების დისტანციური მართვის პაციენტთა რაოდენობით პირველ ადგილზეა შტატებშიც და მსოფლიოშიც (SOC Telemed).

ამ წარმატების მთავარი საიდუმლო, კიდევ და კიდევ - არის ერთი რამ: სწორად აწყობილი სისტემა. აბრაამ ლინკოლმა თქვა კარგად: მომეცით 6 საათი ხის მოსაჭრელად, და იქედან 4-ს დავხარჯავ ცულის ლესვაშიო. მე ეს 4 საათი უკვე დახარჯული მაქვს და გალესილ ცულს უსასყიდლოდ გთავაზობთ.

კარგი ექიმები ნამდვილად ბევრი გვყავს საქართველოში. უბრალოდ თუ პისტოლეტებით ომში მათ კომბალს გავატანთ საბრძოლველად - აუცილებლად დამარცხდებიან.

ჩემი ბოლო 10 წლის გამოცდილების შემდეგ, რომელიც პროცედურულად ძალიან მსგავსია პანდემიის დროს მოზღვავებულ პაციენტების მართვის დილემასთან, დღევანდელი "გადატვირთული სამედიცინო სისტემის" რეალობა მწარე ღიმილს მგვრის. მწარე იმიტომ, რომ არაა ადვილი მოსანელებელი, ამდენი ხალხის უბედურება. ღიმილი იმიტომ თუ რა მარტივი ჩარევით შეიძლება გაჭედილი სისტემის გამართვა და პაციენტების დიდი რაოდენობის განვლადობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი - უფრო ნაკლები რესურსის გამოყენებით.

მახსოვს, ერთი პერიოდი სისტემის ოპტიმიზაციისთვის მოვიწვიეთ აეროპორტების დისპეჩერების კონსულტანტები, რადგან ისინი თითქმის 100 წელია ხვეწავენ მათემატიკური სიზუსტით თვითმფრინავების აფრენა დაჯდომას საფრენ ბილიკზე (რაც პაციენტების ტრიაჟის ანალოგიურია პროცედურულად), და მათ დისტანციურ მართვას ქოლ ცენტრებიდან.

მაგალითისთვის: არ ვეთანხმები ბინაზე მომკურნალე პაციენტებისთვის ათასობით ოჯახის და სოფლის ექიმის ფაქტიურად იძულებით ჩართვას რაც ქაოსს ჰმატებს სისტემას. არამედ საჭიროა, 50-100 მაღალკვალიფიციური, ე.წ. "ლეგიონერი" ექიმი რომელიც ფლობის კომპიუტერს და საკმარისად გამოცდილია, რომ ვიდეო ვიზიტით მართოს ეს პაციენტები ბინაზე. ეს ბინაზე მომკურნალე 5000-10,000 პაციენტს თავისუფლად ეყოფა (უმეტესობა მსუბუქი ან უსიმპტომოა). ეს მენეჯმენტს გაცილებით გააადვილებს და ქაოსს ექსპონენციალურად შეამცირებს. დაუჯერებლად ჟღერს? საბედნიეროდ, ეს თავად მაქვს გამოცდილი და გაკეთებული, ასე რომ ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.

რა თქმა უნდა, ეს ექიმები უნდა უზრუნველყოფილნი იყვნენ ქოლ-ცენტრით, რომლებიც "გამზადებულ ლუკმას" მიაწვდის ამ თვითოეულ ექიმს პაციენტების მოზადებით (ვიდეო ვიზიტისთვის), და ინფორმაციას გადასცემს ეფექტურად მიღება გაცემას ონლაინ (და არა ტელეფონით) რეჟიმში. ეს ექიმები არ უნდა იყვნენ პაციენტების პატრონების მოგერიებით დაკავებული, ან მეგობრის ზარებს ვერ აუდიოდნენ რომ "აუ, სიმამრს კორონა დაემართა და ერთ საწოლი გამიჩითე რა".

ასევე, არ ვეთანხმები სასწრაფოს გამოძახებისას მანქანის გაშვებას პაციენტთან სწორი ტრიაჟის გარეშე, რადგან სისტემის ძალიან მალე გადატვირთვის შემთხვევაში, ყველა მომდევნო პაციენტების 100%-თან აგვიანებს სასწრაფო, და მათგან მრავალი მართლა გადაუდებელი იქნება.

უნდა მოხდეს ამ ზარების ვიდეო ტრიაჟი ასევე გამოცდილი ექიმის მიერ. მთელ რიგ მსუბუქ პაციენტებში შესაძლოა მანქანის გაშვება საერთოდ არ იყოს საჭირო, იმას რომ თავი გავანებოთ, რომ ვისაც ყველაზე გადაუდებლად სჭირდება - იმის იდენტიფიკაცია მოხდება დროულად.

კარგი სიახლე არის ის, რომ ასეთი "გარდაუვალი" კოლაფსისთვის საჭირო ეფექტური სისტემა არსებობს, გამართულია, ნაცადია, მუშაობს და ელოდება მომხმარებელს”, - წერს ტელენევროლოგი.

დავით მრელაშვილი იმასაც აღნიშნავს, აქვს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის მკაფიო და დასაბუთებული შემოთავაზებები, არის საქართველოშია და მზადაა, სურვილის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემას დაეხმაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები