მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავალუტო ინტერვენციები მოჩვენებითია“ - ლაშა პაპაშვილი ისევ ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს

5fb28d18ec3e0
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.20 19:40
1025
"სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ინტერვენციები მოჩვენებითია", - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა „საქმის კურსში“ ლარის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვების პოლიტიკა რომ არაეფექტურია, ამას ადასტურებს მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც დღეს მძიმე სიტუაციაშია.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის და ეკონომიკური ბლოკის მინისტრების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ კურსთან მიმართებაში მათი პოლიტიკა აბსოლუტურად კოლაფსშია. სუსტი ლარის პოლიტიკამ არ გაამართლა და დაუშვებელია ამის ასე გაგრძელება; ყველა ღონე უნდა იხმაროს ხელისუფლებამ, მათ შორის უნდა ხარჯონ რეზერვები, რომ პანდემიის პერიოდი მაინც  შედარებით მყარი ლარით გადავიაროთ.

სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ინტერვენციები მოჩვენებითია, ერთი ხელიდან გამოდის ლარი ბაზარზე ანუ იბეჭდება მეტი ლარი და მისი სტერილიზაცია არ ხდება ანუ ადეკვატური დოლარი არ იყიდება; ეს მოჩვენებითია. არ ვიცი რატომ უშვებს ამას მთავრობა, მაგრამ ეროვნული ბანკი რომ შეცდომაშია, ეს ფაქტია, და ეს ეტყობა ბიზნესებს, იმიტომ რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მცირე და საშუალო ბიზნესი“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ცნობისთვის: 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 0.53 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3004 ლარი გახდა. ევროსთან კი ეროვნული ვალუტა 1.29 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი ევრო ამჟამად 3.9090 ლარი ღირს.

გასული კვირის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და გასყიდად $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც $37 მილიონი გაიყიდა. მთლიანად 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 22 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.