მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზამთროს ბაღების გაშენებას გაზაფხულიდან დავიწყებთ" - "ჩიკორი" ბიოპროდუქტის წარმოებას იწყებს

5e425ac2837e9
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.20 20:59
3058
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე „ჩიკორის“ სახელით არის ცნობილი, 2020 წელს ბიოპროდუქტის წარმოებასა და ექსპორტზე გატანას გეგმავს.

ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა ანა სოსელიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბიოლოგიურად სუფთა ჩირების წარმოების დაწყება იაპონელი პარტნიორების მიერ შეთავაზების შემდეგ გადაწყვიტეს და მათი ხეხილის ბაღების ბიოსერტიფიკატის მინიჭებაზე დაიწყეს ფიქრი.

„თვითონ ინსპირაცია იქიდან მომდინარეობს, რომ მთელი სოფლის მეურნეობის მოდელი გადადის ბიო-ნატურალურ პროდუქტებზე, რაც ძალიან საჭირო და სწორია.

ჩვენ გვყავს იაპონელი პარტნიორები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი პროდუქციის ექსპორტით. მათგან იყო წამოსული პირველი ინიციატივა, რომ ჩვენ გვეწარმოებინა პირველი ბიოპროდუქტი. ისინი საზამთროს ბიოჩირით დაინტერესდნენ.

პირველ ჯერზე ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ სახეობის ჩირს ვაწარმოებთ, რისთვისაც ჩვენს ბაღებს საზამთროს 5ჰა-ზე გაშენებული ბაღი დაემატება. ხოლო შემდეგ დავამატებთ სხვა კულტურებსაც. საზამთროს ბაღების გაშენებას გაზაფხულიდან დავიწყებთ. ჩვენი გათვლებით ზაფხულში პირველი მოსავლის აღებისა და ბიოპროდუქტის წარმოების შემდეგ, სექტემბერ-ოქტომბრისთვის „ჩიკორის“ პირველი ბიოჩირის პარტია იაპონიაში გაიგზავნება“, - ამბობს ანა სოსელია.

„ჩიკორის“ ექსპორტის მენეჯერმა აღნიშნა, რომ პირველი ბიოპროდუქტის შემდეგ კომპანია სხვა ხილის ბიოჩირების წარმოებასაც დაიწყებს, თუმცა, ეს ეტაპობრივად მოხდება.

„ჩვენ გვაქვს დაახლოებით 30 ჰა-ზე მეტი ხეხილის ბაღი ქარელის რაიონში და გეგმაში გვაქვს ასევე, რომ ავიღოთ ბიო სერტიფიკატი და გადავიდეთ ბიოლოგიურად სუფთა ხილის პროდუქტის წარმოებაზე, რაც ეტაპობრივად მოხდება.

სერტიფიცირებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და კონსულტაციებს სპეციალისტებთან გავდივართ.

სრულად ბიო პროდუქტზე გადასვლა არ ვიცი რამდენად მოხდება, იმიტომ რომ შეიძლება დავიტოვოთ ეს ნიშა ახლა რაც გვაქვს, შეიძლება იყოს ცალკე ნიშა ბიო პროდუქტების. ვინაიდან ჩვენი პროდუქტი არ შეიცავს დანამატებს და სუფთა ჩირები გვაქვს, ამიტომ გვექნება ყველანაირი პროდუქტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა ექსპორტის მენეჯერმა.