01.აპრილი .2021 15:21

"საზოგადოება და ბანკები" მთავრობას 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების რეკომენდაციით მიმართავს

"საზოგადოება და ბანკები" მთავრობას 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების რეკომენდაციით მიმართავს
views 337
უკან

საზოგადოება და ბანკებმა მაკროეკონომიკური პროგნოზები და ბიუჯეტის პარამეტრები მიმოიხილა. 31 მარტს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკური მაჩვენებლის თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა სადაც აღნიშნულია, რომ თებერვლის ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -5.1%-ია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი იანვრის თვეში უფრო დრამატული იყო და -11.5% შეადგინა. მშპ-ს მიმდინარე დინამიკა საფუძვლიან ეჭვს აჩენს წინა წლის ბოლოს ბიუჯეტში ჩადებულ მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელთან დაკავშირებით. როგორც დოკუმენტშია მოცემული 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.3%-ია. ცხადია, საბიუჯეტო შემოსულობების და ხარჯების მოცულობა ეკონომიკური ზრდის ზომაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური ზრდა საპროგნოზო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ცხადია, საგადასახადო შემოსავლების საბიუჯეტო გეგმა ვერ შესრულდება.

"ეროვნული ბანკის მიერ მარტში გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზში საბაზოსთან ერტად ალტერნატიული სცენარიც არის განხილული (იხ.გრაფიკი), რომელიც 2021 წელს 1%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მიმდინარე პოლიტიკური, ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური სიტუაცია საკმაო საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ალტერნატიული სცენარის დადგომის ალბათობა უფრო მაღალია. უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ საბაზო სცენარით დაგეგმილი 4%-იანი ზრდა არ გვექნება.

გარდა იმისა, რომ 2020 წელს მხოლოდ ტურიზმიდან $2.7 მლრდ დაიკარგა, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ვალუტა ქვეყანაში ძირითადად უცხოეთიდან გადმორიცხვებით და ექსპორტით (რომელიც ასევე შემცირებული იყო) შემოდიოდა, ამას თან დაერთო დიდი საგარეო ვალის აღებაც. რომელიც საბიუჯეტო ხარჯვისთვის კვლავ ლარში კონვერტირდებოდა. შესაბამისად ეკონომიკას მიეწოდა ლარი და ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ დარჩენოდა რეზერვების გაყიდვის გარდა. 2020 წელს დაახლოებით $900 მლნ. დოლარი გაიტანა სავალუტო აუქციონზე.

იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელსაც ისევ დაგეგმილ 7.5%-ზე მეტად გაიზრდება მთავრობას დაფინანსება მოუწევს საგარეო ვალით. ანუ, შემოვა უცხოური ვალუტის ნაკადი, რომელიც დარეზერვდება ეროვნულ ბანკში, ხოლო დაიხარჯება ექვივალენტი ლარში. ამ შემთხვევაში, გარდა მთავრობის საგარეო ვალის ზრდისა, დაწოლა მოხდება ლარი/დოლარის გაცვლით კურსზე, შესაბამისად, ისევე როგორც 2020 წელს, ეროვნული ბანკი იძულებული იქნება მუდმივი ინტერვენციებით ამოიღოს ლარის მასა და დოლარი მიაწოდოს ბაზარს. სხვა შემთხვევაში, გაუფასურებული კურსი აუცილებლად გადაითარგმნება მაღალ ინფლაციაში და პოსტ-კოვიდურ სიტუაციაში უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას.

საზოგადოება და ბანკების რეკომენდაციაა, რომ დამატებით არ გაიზარდოს ბიუჯეტის დეფიციტი, რადგან ის ისედაც საკმაოდ მაღალია. უმჯობესი იქნება გადაიხედოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, გამოიკვეთოს პრიორიტეტული მიმართულებები, ხოლო ხარჯები, რომლებსაც არანაირი კონტრიბუცია არ შეაქვთ კოვიდ სიტუაციის გაუმჯობესებაში ან ეკონომიკური გაჯანსაღების საკითხებში, შეიკვეცოს. მნიშვნელოვანია, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი სრულ თანხვედრაში იყვნენ ნებისმიერი ფისკალური თუ მონეტარული სახის ნაბიჯის გადადგმისას"-აცხადებენ "საზოგადოება და ბანკებში".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა