საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. რის შედეგადაც იმ მსესხებლებს, რომელთა კრედიტებიც ცვლად განაკვეთზე არის მიბმული ყოველთვიური შენატანები შეუმცირდებათ.
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 183,511 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 185,000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.
"183,511 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.3 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.3 მლრდ. ლარის (43%).
დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 6.3 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+32%, 1 იანვარი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და ბიზნეს სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ანალოგიურ პერიოდიში. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 198,536 ლარს, იპოთეკურის 53,315 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 27,574 ლარს შეადგენს.
2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახ. 20 მლრდ. ლარით გაიზარდა 29 მლრდ. ლარამდე 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით. წლიურმა ზრდამ 17% შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდის ტოლფასია (+18%).
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს და 10 მლრდ. ლარით აღემატება 2018 წლის საშუალო მაჩვენებელს.
2024 წლის 1 თებერვლის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც დაახ. 0.6%-ით ნაკლებია 2023 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).
2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და 2024 წლის თებერვლის თვეში 0.3% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისის თვიდან.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია მკვეთრად შემცირებულ ინფლაციასთან. მიმდინარე წელს ფასების ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ დაბალი იქნება, შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთი, დიდი ალბათობით, წლის განმავლობაში კიდევ შემცირდება,"- ნათქვამია საზოგადოება და ბანკების მიმოხილვაში.