მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სურსათზე მაღალი ფასნამატი რითეილ სექტორის მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს" - ივა ჭყონია

63e11dc500087
ვიქტორია მღებრიშვილი
06.02.23 23:55
1726
„მოსახლეობას პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია“ - ეს განცხადება დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. 6 თებერვლის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თავის მოწონების შემდეგ, არც მაღალი ინფლაცია  (9.4%) დაივიწყა, რომელიც არაერთი სოციოლოგიური გამოკვლევით ნომერ პირველი გამოწვევაა, ამიტომ მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის მოკვლევის შემდეგ, პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს სურსათის ბაზრის მოკვლევა დაავალა, რომლის პირველადი შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, ზეთი და მარილი საბითუმო ბაზარზე 50-დან 80%-მდე ფასნამატით იყიდება, რაც საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე აისახება. „არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება“, - განაცხადა პრემიერმა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც დარგის წარმომადგენლებთან ერთად საკითხს დეტალურად განიხილავს და ორი კვირის შემდეგ კონკრეტულ მიგნებებსა და რეკომენდაციებს წარმოადგენს.

იქნება თუ არა გამოსავლის გზა სურსათის ფასების დარეგულირება - ეს კითხვა მთავრობის სხდომის შემდეგ მედიამ ვიცეპრემიერს დაუსვა. ლევან დავითაშვილის თქმით, საჭიროა თუ არა "დამატებითი მარეგულირებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება", ეს ორი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ანალიტიკური ჯგუფები მოკვლევას დაასრულებენ. არაა გამორიცხული, შედეგი ანუ სურსათის გაიაფება ბიზნესთან დიალოგით იქნას მიღწეული - თქვა ლევან დავითაშვილმა, რომელსაც bm.ge-მ ასევე ჰკითხა, ზედმეტად ხომ არ ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში და გარკვეულწილად ამით ხომ არ ძლიერდება მზრუნველი მთავრობის და ხარბი ბიზნესის ხატი. ლევან დავითაშვილის თქმით, პრემიერის დავალების მიზანი არაკეთილსინდისიერი ფაქტების გამორიცხვაა, და არა ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა. ეკონომიკის მინისტრმა ის დროც გაიხსენა, როდესაც პანდემიის პერიოდში პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასების შენარჩუნების მიზნით იმპორტიორების ხელშეწყობას სუბსიდირებით ახდენდა.

მთავრობის მეთაურისა და ვიცე-პრემიერის განმარტებების შემდეგ BM.GE დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტ ივა ჭყონიას დაუკავშირდა და საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- როგორ აფასებთ პრემიერის დღევანდელ განცხადებას და ზოგადად, რომ აგვიხსნათ, რა ფაქტორები მოქმედებს სურსათის საბოლოო ფასზე?

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმპორტიორებს პროდუქციის გაყიდვა მაღალი ფასნამატით, რიგ შემთხვევაში, 60-70%-ით უწევთ, ეს იმით არის განპირობებული, რომ იმპორტიორებს რითეილის მხრიდან გაზრდილი გადასახადების გამო, ფასნამატის ზრდა უწევთ. გაზრდილ გადასახადში იგულისხმება რეტროს ბონუსი, "ქეშბექი", რომელიც საშუალოდ მარჟაში რომ გადავიყვანოთ, 20-25%-ია, ხოლო ფასნამატში მისი წილი, რიგ შემთხვევაში, შეიძლება 40-50% იყოს, მათ შორის არის მაღაზიაში შესვლის გადასახადი, ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, შტრიხკოდის გადასახადი; ამასთან, არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქსელური სუპერმარკეტებიდან რეალიზებული თანხის ანაზღაურება ხდება 45-90 დღის შუალედში, რაც დამატებით რესურსს მოითხოვს და რიგ შემთხვევაში, ეს საბანკო პროდუქტია.

ასევე, ბოლო თვეების განმავლობაში სადისტრიბუციო კომპანიებში სახელფასო პოლიტიკა, დაახლოებით, 20-30%-ით გაიზარდა. ლარის დასტაბილურებამ კომპანიებს ამის საშუალება მისცა. სწორედ ეს განაპირობებს იმპორტიორების მხრიდან პროდუქტზე ფასნამატის ზრდას.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ღია ვართ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, მათ შორის ვიცე-პრემიერთან და გვქონდა საუბარი, რომ გარკვეულწილად ბაზრის დარეგულირებაა საჭირო. მათ შორის არაერთი ბრენდული სუპერმარკეტი გასულა და მილიონობით ზარალი მიუყენებია სადისტრიბუციო კომპანიებისთვის და გარკვეულწილად ბალიში რომ არ დაიჭირონ კომპანიებმა, ისინი უბრალოდ დაიხურებიან, რადგან არაერთ მცირე ზომის კომპანიას მოუწია დახურვა ამ ქსელური სუპერმარკეტების დახურვის შემდეგ. მზად ვართ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და კონკურენციის სააგენტოსთან სათანამშრომლოდ, დეტალურად მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

აქ ძირითადი აქცენტი ალბათ პირველადი მოხმარების პროდუქტზეა გაკეთებული. მულტინაციონალური ბრენდის წარმომადგენლები საერთოდ არ არეგულირებენ ფასებს. კომპანიის წარმომადგენლობა თავად განსაზღვრავს საფასო პოლიტიკას და ამაში სადისტრიბუციო კომპანიები ნაკლებად ერევიან. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სადისტრიბუციო კომპანიების მომგებიანობა 2-დან 4%-მდეა. მაღალი და თვალსაჩინო ფასნამატი კი, რითეილ სექტორის მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.

- მკითხველისთვის უფრო ცხადი რომ გავხადოთ, მაგალითად, ზეთის იმპორტირებიდან დახლზე მოხვედრამდე ანუ მომხმარებლამდე რა გზას გადის პროდუქტი და სად იზრდება მისი ღირებულება ყველაზე მეტად?

კომპანიის მხრიდან პროდუქტის შემოტანისა და ქსელური ჰიპერმარკეტისთვის მიწოდებისას, მას ამ პროდუქტის შეტანის შემდეგ გარკვეული ბონუსის გადახდა უწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეტანილ პროდუქტზე 20-25% მარჟას იხდის, ანუ ფასნამატი თუ 70%-ია, დაახლოებით, 40-45% შეიძლება იყოს ის გადასახადი, რომლის გადახდაც ქსელურ სუპერმარკეტზე უწევს. დამატებით ახალი მაღაზიის გახსნის საფასური და ქსელში დაშვების საფასური პროდუქტის თვითღირებულებას კიდევ უფრო მეტად ზრდის. ეს გადასახადები მზარდია და მათი ზრდა, დაახლოებით, 10-11 წლის წინ დაიწყო, მაშინ საბონუსე სისტემა 2-3% იყო, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საშუალოდ 20-25%-ის ფარგლებშია.

მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ფასების საკმაოდ ცვალებადია. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე იმპორტიორი სპეკულირებს ან კარტელური ფასით ყიდის პროდუქტს, ამის მარტივი მაგალითია ზეთის ფასია, რომელიც რამდენიმე თვის წინ 12-15 ლარი ღირდა და დღეს 5-6 ლარია. ვიღაცამ, დღეს ჩვენ სექტორში ზედმეტი მოგება რომ ნახოს, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ და ვითანამშრომლოთ უწყებებთან.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ რეგულირების საკითხი რითეილ-სექტორს უნდა შეეხოს და განხილულ უნდა იყოს მათ მიერ ქსელში შესვლისა თუ სხვა სახის გადასახადები?

ჩვენს სექტორში ფასები რითეილ სექტორის მოთხოვნებიდან გამომდინარე იზრდება ანუ მათი მოთხოვნა იზრდება და კომპანიები იძულებულნი არიან, ფასნამატი გაზარდონ, რათა დახლზე მოსახვედრად მოთხოვნა დააკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იძულებულნი იქნებიან ბაზარი დატოვონ. ბრენდული სუპერმარკეტების რიცხვი დღითიდღე იზრდება და ქსელური სუპერმარკეტიდან გამოსვლა საკმაოდ სერიოზულ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული. ნებისმიერი იმპორტიორი თუ დისტრიბუტორი იძულებულია იმ თამაშის წესებს გაჰყვეს, რომელსაც მას უწესებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარზე ვერ იქნებიან.

- პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის დღევანდელი განცხადებები რამდენად გაფიქრებინებთ, რომ მთავრობა ბიზნესის საქმეში ზედმეტად ერევა?

ვისურვებდი, მთავრობის უშუალო ჩარევა ნაკლები იყოს და დიალოგის გზით წავიდეთ. კარგი იქნება თუ მთავრობა ორივე მხარეს მოუსმენს (დისტრიბუტორები და რითეილი) რადგან ჩვენ ამ თემაზე საუბარი არაერთხელ გვქონია. რამდენიმე თვის წინ იყო გაფართოებული შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ ყოველწლიურად გაზრდილი მოთხოვნები პროდუქტის ფასების ზრდას იწვევს და ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია. ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განსაზღვროს პოლიტიკა, რომ რითეილერების მხრიდან დისტრიბუციისთვის თანხების ანაზღაურება კონტრაქტით განსაზღვრულ ვადებში მოხდეს. ჩვენ ნებისმიერი დიალოგისთვის მზად ვართ, დეტალური განხილვისთვის. ბაზარი საკმარისად არეგულირებს ფასებს და დღეს სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევა არ არის საჭირო. დიალოგის და მოლაპარაკების რეჟიმში ჩვენ ამას დავარეგულირებთ.

- უწყებებთან დარგის წარმომადგენლების შეხვედრებისას საკითხის გადაწყვეტის რა მექანიზმებს შესთავაზებთ თქვენ - "ქეშბექის" შემცირება, რაზეც თქვენ ისაუბრეთ თუ სხვა ?

"ქეშბექის" შემცირება იქნება ეს თუ სხვა საკითხი, მე იმ ფაქტორებზე ვსაუბრობ, რაც ფასნამატის ზრდას იწვევს, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ "ქეშბექის" ოდენობა ფიქსირებული იყოს და 10%-ით განისაზღვროს, რადგან ეს თავისუფალი ბაზრის პრინციპს შეზღუდავს.